სტატიები

კახეთში არსებული კოოპერატივები მასობრივად იხურება

კახეთის რეგიონში 224 კოოპერატივიდან ამ დროისთვის რეგისტრირებულია 123. კოოპერატივების განვითარების სააგენტომ კი სტატუსი 101 მათგანს შეუჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენდა, 2018 წლიდან მათი რიცხვი კატასტროფულად შემცირდა. კოოპერატივების დახურვის მიზეზს მეწარმეები, დაფინანსების მკვეთრად შემცირებას უკავშირებენ. გასული წლიდან იკლო  ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიზნობრივმა პროგრამებმაც.

პრობლემების შესახებ საუბრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქმედი კოოპერატივის ,,მარგი L’’ მმართველი დირექტორი. გიორგი ენუქიძე განმარტავს, რომ კოოპერატივების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრებული  მოთხოვნებისა და ხარჯების სიძვირის  გამო  ისინი ბოლო წლებია მოგებას ვერ ნახულობენ. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დროულად არ განახორციელებს მხარდასაჭერ მიზნობრივ პროექტებს,  გიორგი ენუქიძე არ გამორიცხავს, რომ მათი კოოპერატივიც  დაიშლება.

,,კოოპერატივში 11 მეპაიე ვართ  გაერთიანებული,  ჩვენი პროდუქცია   ყურძენი და თხილი. გვაქვს სათბური, სადაც მოგვყავს ბოსტნეული, კიტრი და პომიდორი.  გაგვიძვირეს საწვავი, არ გვაქვს სარწყავი წყალი, ამას ემატება ფინანსების ნაკლებობა და ბოლო წელია ზარალში ვართ. ალბათ ზამთარში სათბურს ვეღარ დავათბობთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვის. სარწყავი წყალი რომ გვქონდეს, მეტი მოსავალი გვექნებოდა. გართულებულია მოთხოვნები კოოპერატივებისთვის სახელმწიფოს მხრიდან, რაც დამატებით პრობლემას გვიქმნის.  

ქრობთ, ცოტა ხანს კიდევ შევინარჩუნებთ კოოპერატივს და თუ არაფერი შეიცვალა, დავიშლებით. სახელმწიფო პროექტებში მივიღეთ მონაწილეობა, გვქონდა მოთხოვნა ფუტკრის სკებზე და არ მოგვცეს. ამან ხელი შეგვიშალა საქმიანობის გაფართოვებაში. ასევე გვეუბნებიან, მიწა კოოპერატივის საკუთრებაში შეიტანეთო, ამის გაკეთება კი არავის არ უნდა. მიწა ჩვენია და გადასახადებს ჩვეულებრივ ვიხდით. გარდა ამისა, ვალდებულებაა სარეზერვო ფონდის შექმნა. გვაქვს ცოტა ფული, მაგრამ იმდენი არა, რომ  განვითრებისთვის და გაძლიერებისთვის გვეყოს. ამ სირთულეების მიუხედევად, თუ სწორად წავალთ, კოოპერატივების მუშაობა მომგებიანი შეიძლება იყოს, რადგან ერთობლივი მუშაობით შედეგის მიღწევა ადვილია‘’,- აცხადებს გიორგი ენუქიძე.

კოოპერატივ ,,ალაზნის ველის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი მიუთითებს, რომ სასოფლო-სამუერნეო გაერთიანებების მასობრივად გაუქმების მიზეზი არა სახელმწიფო მიდგომების, არამედ ამ მიმართულებით მეწარმეების ნაკლები კომპეტენციაა. კოტე მახათელაშვილი აცხადებს, რომ ამ დარგის გაძლიერების და განვითარებისთვის მთავარია კოოპერატივებს ჰყავდეთ პროფესიონალი კადრი, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სფეროში ექნებათ შესაბამისი გამოცდილება.

,,ერთი წელია რაც კოოპერატივი შევქმენით და სახელმწიფო ძალიან გვეხმარება. 20 მეპაიე ვართ გაწევრიანებული ჩვენი ვენახებით და ახლა უკვე ვაშენებთ ღვინის საწარმოს. ტექნიკური დახმარება სახელმწიფოსგან მივიღეთ, გადმოგვცეს მოწყობილობები და ვემზადებით მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად. კოოპერატივების შექმნა სწორია, გაერთიანება და მუშაობა კარგის მეტს არაფერს არ მოგვცემს. ვინც კარგად არ იცის ეს საკითხი, ეჭვით უყურებს და ფრთხილად ეკიდება. ძირითადი პრობლემა კი განათლების და პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.

ახალგაზრდები ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რაც არ გამოადგებათ. ვფიქრობ, მეტი ახალგაზრდა უნდა დაინტერესდეს პროფესიული სასწავლებლით, რომ ადგილზე გვყავდეს გამოცდილი კადრი, რომელიც შექმნილ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდება.‘’

კოოპერატივების საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე მიუთითებს „ელკანას“ მარკეტინგის კონსულტანტიც. ირაკლი ჯავახიშვილი ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელ საკითხებთან ერთად ფერმერების არასწორ მიდგომასაც უკავშირებს. ჯავახიშვილის განმარტებით, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის გამარტივება და ამ კუთხით კვალიფიციური კადრების გადამზადება.
,,სასოფლოსამურნეო კოოპერატივების შექმნას ფერმერები უდგებიან საინვესტიციო თანხების მოზიდვის მიზნით და ნაკლებად ფიქრობენ ერთობლივად საქმიანობის გაგრძელების სირთულეებზე. ისინი ნაკლებად იცნობენ კანონს და ცუდათ ერკვევიან კოოპერირების საკითხებში, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ კოოპერატივის საქმიანობის ფინანსური დაგეგმარებისა და ანალიზის წინასწარ განხორციელების საკითხს.

შემდგომი მუშაობის დროს ისინი აწყდებიან სხვა პრობლემებსაც. იშვიათია შემთხვევები, როდესაც კოოპერატივის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული საქმიანობაში, კოოპერატივის საქმიანობის ბიუროკრატიური მოვალეობები გადასულია ხოლმე ერთ, ან მაქსიმუმ 2 წევრზე. ასევე ნაკლებად ახორციელებენ შემოსავლების გატარებას და როგორც ფინანსური, ასევე სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოებას. აქვთ მცდარი შეხედულება, რომ სასოფლოსამეურნეო კოოპერატივში არ არის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, იმის გამო, რომ მოქმდებს საგადასახადო შეღავათი.

უარს ამბობენ ან ვერ ქირაობენ ბუღალტრებს და სხვა სპეციალისტებს, რის გამოც ბევრს შეცდომას უშვებენ, არღვევენ 30%-იან გარე მომსახურეობის ზღვარს, არ ითვალისწინებენ სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნის და მეპაიეთა რეესტრში ცლილებების საჯარო რეესტრში გატარების მოთხოვნას. სირთულეს წარმოადგენს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც’’,- აცხადებს ირაკლი ჯავახიშვილი.

„ელკანას“ მარკეტინგის კონსულტანტი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კოოპერატივების რაოდენობის შემცირება ბუნებრივი პროცესია, რადგან მათი უმრავლესობა შექმნილია ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით და ნაკლებად გეგმავს შემდგომში ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებას.
,,კოოპერატივების იმ წევრებს, რომლებმაც ვერ შეძლეს გრანტის მოძიება, დაეკარგათ ინტერესი კოოპერატივში გაერთიანების, ან ადეკვატურად ვერ აფასებდნენ თავის ვალდებულებებს კოოპერატივის წინაშე. იმ კოოპერატივებში, სადაც ფუნქციონირების პროცესში შეიქმნა ფინანსური ან სხვა პრობლემები, წარმოიშვა შიდა დაპირისპირებები, რომლის გამოც კოოპერატვებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება.

ასევე ერთერთ პრობლემას წარმოადგენს კოოპერატივის წევრების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა, რასაც იწვევს მათ შორის კონფლიქტს. აუცილებელია კოოპერატივის შექმნამდე მისი საქმიანობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დეტალურად განხილვა და წევრებთან შეთანხმება. შემდგომ ეტაპზე საჭიროა ბიზნეს გეგმის შემუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება და ბიუჯეტის დაგეგმვა. ასეთი გზით დარეგისტრირებულ კოოპერატივს წარმატების მიღწევის ბევრად მეტი წინაპირობაა გააჩნია. უკვე არსებულ კოოპერატივებში კი გეგმა ყოველწლიურად უნდა შეადგინონ და წევრებს შორის პასუხისმგებლობა უნდა გაანაწილონ’’, – ამბობს ჯავახიშვილი.

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე „კახეთის ხმასთან“ საუბარში  კოოპერატივების სტატუსის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს.

მიშელაძე მიუთითებს, რომ კოოპერატივები უნდა აკმაყოფილებდნენ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად ეძლევათ რეკომენდაცია და კანონით დადგენილი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყდებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კი ის აგრძელებს საქმიანობას, თუმცა მისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი ხელშეწყობის პროგრამები და საგადასახადო შეღავათები.
,,სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სტატუსი, მაგრამ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, აქვს უფლება კოოპერატივის სტატუსის მისაღებად ხელმეორედ მოგვმართოს. სააგენტო წინა წლებშიც და მიმდინარე წელსაც აგრძელებს მიზნობრივი პროგრამების განახორციელებას.

ხორციელდება რძის მწარმოებელი, მევენახეობის, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბსაძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა, მეფუტკრეობის სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის და კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა. ასევე მიმდინარეობს კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს.

დარგის სწრაფი განვითარებისათვის შემუშავდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა მეფუტკრეობის, მესაქონლეობის, მევენახეობის მიმართულებით. ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს და არის მიზნობრივი, მოიცავს დახმარებას სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისათვის წარმოების სრული ციკლის მანძილზე’, – აცხადებს გიორგი მიშელაძე.

მისი განცხადებით, ის, რომ გარკვეული პირები საუბრობენ მეპაეთა რეესტრის ფორმალიზებაზე, საპაიო შენატანების მრავალსახეობაზე, მოგების განაწილების მოუქნელობაზე და სხვა მოთხოვნებზე, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ გათავისებული კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების პრინციპები.
,,კოოპერატივებს მიღებული აქვთ სტატუსი, მაგრამ მოქმედებენ სხვა სამეწარმეო ფორმების (შპს) ან საოჯახო მეურნეობების პრინციპებით. ამიტომ გარკვეულ ნაწილს შეადგენენ ისეთი კოოპერატივები, რომლებიც შექმნილია უმეტესად სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით და არ არიან მოტივირებულნი, გაზარდონ წარმოების მასშტაბები ახალი წევრების შემატების გზით. არ გამოიყენება კოოპერატივის მართვის დემოკრატიული პრინციპი და მართვის ფუნქციას ერთპიროვნულად იღებს ერთი ან ორი პირი. ამიტომ სუსტია ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოორდინაციის დონე, არ მიმდინარეობს რისკების შეფასება და მართვა, ჯეროვნად არ მოქმედებს აგროსასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი.

არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოების, რის გამოც პრაქტიკულად არ არსებობს კოოპერატივის შიდა კონტროლის მექანიზმი და სხვა. ასეთ შემთხვევაში კოოპერატივის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკი უაღრესად მაღალია. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი სწორი გზაა, რომ საწარმოს გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დაგეგმვის და კონტროლის ფუნქცია უნდა აიღონ თავად მეპაიეებმა, რომლებიც არიან რეალური მეპატრონეები. სასოფლოსამეურნეო კოოპერაციის პროცესი საქართველოში ახალი დაწყებულია და მისი სამართლებრივი რეგულირების დახვეწა ეტაპობრივ ხასიათს ატარებს’’, – აღნიშნავს მიშელაძე.