ახალი ამბებიგზა ევროპისკენთვითმმართველობა

პატარა ქალაქის დიდი თვითმმართველობა

ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე  ესტონეთის ქალაქი პიარნუ, Pärnu ადგილობრივი რეფორმის ტალღებს დღემდე მედგრად მიაპობს.   2004 წელს, როდესაც ესტონეთი ევროკავშირს შეუერთდა, თვითმმართველობის რეფორმების დიდი შტურმი დაიწყო.

2017 წლის ოქტომბერში, ესტონეთში ადმინისტრაციული რეფორმის დასრულების შემდეგ, 227 ტერიტორიული ერთეული გაერთიანდა და 79 მუნიციპალიტეტი შეიქმნა, რომელთაგან 15 ურბანული ქალაქი და 64 სოფელია. რეფორმის ლოგიკა იყო მცირე მუნიციპალიტეტების გაერთიანების ხარჯზე ეფექტური მმართველობა და ოპტიმიზაცია.

მათ შორის ქალაქი პიარნუც იყო 30 ათასი მოსახლით, რომელიც გამსხვილდა და ირგვლივ მდებარე 6 სოფელი შეუერთდა. ქალაქის ვიცე მერი მარკო სორინი ამბობს, რომ გაერთიანება  რეგიონული მოწყობის მოდელის მთავარ პრინციპს –  მოქალაქეთა მონაწილეობას არ შეცვლის. უბრალოდ, ადგილობრივ თვითმმართველობას ცოტა უფრო მეტი მუშაობა და ახალი ამოცანების გადაწყვეტა მოუწევს.

ხარჯების შემცირება  ბიუჯეტში სახსრების დაზოგვას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ესტონეთის მოქალაქეებს   ამ რეფორმის შედეგად, ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდებათ.

Photo: პიარნუს ვიცე მერი მარკო სორინი ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. 

პიარნუს ადგილობრივი ადმინისტრაცია შედგება ქალაქის საბჭოსა და ქალაქის მთავრობისგან. საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. არჩეულ წევრთა რაოდენობა დამოკიდებულია მოსახლეობაზე. ამჟამინდელი საკრებულო  33 წევრითაა წარმოდგენილი.

ესტონეთი  მცირერიცხოვანი ქვეყანაა.  სულ 1 მილიონ 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აქედან მოსახლეობის 1/3 დედაქალაქ ტალინში. ქვეყანაში მუნიციპალიტეტები ორი ტიპისაა: ურბანული მუნიციპალიტეტები,  ანუ ქალაქები და სოფლის მუნიციპალიტეტები- ვალადი. ომაავალიცუსი არის ესტონეთის ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ქვედანაყოფი. თითოეულ მუნიციპალიტეტს თვითმმართველობის თავისი ერთეული აქვს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით.

ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ცნობილი  ესტონელების მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმა, „ესტონური მოდელი“, არ არის ამ ბალტიური ქვეყნის მიერ გატარებული ერთადერთი და იშვიათი წარმატებული პოლიტიკის შედეგი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ესტონეთის სწრაფი ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი ფაქტორი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაა.

ყველა ქალაქის და სოფლის მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების გეგმა და საბიუჯეტო სტრატეგია, რომლის საფუძველზეც ცხოვრების სხვადასხვა სფეროების განვითარება ინტეგრირებული და კოორდინირებულია.

Photo: ქალაქ პიარნუს ნავსადგური მე-16 საუკუნეში. ვიკიპედია.

ესტონეთის ტერიტორიული რეფორმებისა და დეცენტრალიზაციის პროცესებიდან მიღებული გაკვეთილები ასეთია: 1. გამჭვირვალე მმართველობა – ადგილობრივი გადაწყვეტილებების ელექტრონული გადაწყვეტის პრაქტიკული გამოყენება; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა ადგილობრივ ადმინისტრაციებში; 3 სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის წახალისება

და ბოლოს, მიუხედევად იმისა, რომ პიარნუში ძირითადად ქარია და მკაცრი ზამთარია, ქალაქი ბალტიის ზღვის ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ზონად მიიჩნევა.  ქალაქის განვითარებისათვის მიმზიდველი ტურისტული ადგილები, სამკურნალო წყლები და სტუმართმოყვარე ესტონელების გემრიელი კერძები შვედების, გერმანელებისა და მეზობელი ფინელების ყურადღებას იქცევს.

სულ მალე ქუთაისიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ტალინში  პირდაპირ ფრენებს  დაიწყებს.  ჩრდილოეთის კარიბჭიდან სტუმრები მზიან  საქართველოს ეწვევიან  და, პირიქითაც, მოწესრიგებულ, განვითარებულ  ესტონეთს ქართველი სტუმრებიც აახმაურებენ.