ნარჩენების მართვა ევროპამ შემოსავლიან ბიზნესად აქცია
ნარჩენების მართვა და სეპარაცია გლობალური გარემოსდაცვითი სტრატეგიის ნაწილია. ესტონეთი ერთ-ერთია ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც ნარჩენების მართვა შემოსავლიან ბიზნესად აქცია.
ცოტა ხანში ეს კაბინები ტალინში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება. მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ სუფთა ტანსაცმელი, რომელიც თავად აღარ სჭირდებათ, მაგრამ, შესაძლოა, სხვამ გამოიყენოს.
ფოტოზე: მეორადი ტანსაცმლის ჰუმანიტარული კაბინები
ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. ყოველდღიურად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნარჩენის მართვის ტრადიციული ფორმა, ნაგავსაყრელებზე განთავსება, აღარ არის გამართლებული, როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.
ტალინის ნარჩენების გადამამუშავებელი ცენტრი მუნიციპალური შპს-ა, თუმცა, ორგანიზაცია კერძო სამართლის იურიდიული პირია და სხვა კერძო კომპანიებთან კონკურენტულ გარემოში ისე ფუნქციონირებს, როგორც ჩვეულებრივი ბიზნეს-სუბიექტი.
ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანია ტალინიდან 20 კილომეტრის დაცილებით, ბალტიის ზღვასთან ახლოს მდებარეობს. ირგვლივ ტყის ზოლია, უახლოესი დასახლებული ტერიტორია კი 5 კილომეტრითაა დაშორებული.
კომპანიის ჩამოყალიბება/ განვითარებაში უდიდესი, რამდენიმე მილიონიანი ევროს ღირებულების ფინანსური წვლილი ევროკავშირს მიუძღვის. კომპანია საკუთარ მისიად გარემოს დაცვას მიიჩნევს. მისი ტერიტორია 67 ჰექტარია. აქ ხდება შერეული ნარჩენების – მეტალის, ქაღალდისა და მუყაოს, მინის პლასტიკატის და მავნე ნარჩენების გადამუშავებაც. შედეგად, ტალინის ერთი საკმაოდ დიდი უბანი გათბობას იღებს. ხდება მიწის გამანოყიერებელი სასუქის მიღებაც.
ფოტოზე: კომპანია „ესტი პანდიპაკენდის“ გადამამუშავებელი ქარხანა.
ამასთან, ესტონეთში მოქმედებს ნარჩენების გადამუშავების დეპოზიტური სისტემა, რომელიც მინის, ლითონის, განსაკუთრებით კი პლასტიკატის გადამუშავებაზეა ორიენტირებული. კომპანია „ესტი პანდიპაკენდი“, რომელიც ნარჩენების გადამუშავების დეპოზიტური სისტემით მუშაობს, ესტონეთის უალკოჰოლო სასმელების და ლუდის მწარმოებელთა, ასევე საცალო გაყიდვებისა და სასმელების იმპორტიორთა ასოციაციების საკუთრებაშია.
თითოეული ასოციაცის საწარმოს 25%-იანი წილის მფლობელია, რაც მათთვისაც მომგებიანია, რადგან სადეპოზიტო კომპანიის ფლობა მათ აქციზის გადასახადისგან ათავისუფლებს. ნარჩენების გადამუშავების დეპოზიტური სისტემის მუშაობის პრინციპი ასეთია: მოქალაქე, რომელიც უალკოჰოლო სასმელს, ლუდს ან სიდრს ყიდულობს, დამატებით იხდის ტარის ღირებულებას, რაც 10 ევროცენტს შეადგენს.
მყიდველს შეუძლია უკვე ცარიელი ბოთლები ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და მცირე მაღაზიებში განთავსებულ დეპოზიტურ აპარატებში განათავსოს და მასში გადახდილი 10 ევროცენტი უკან დაიბრუნოს.
დეპოზიტის აპარატებში განთავსებული ტარა კი მეორად გადამუშავებას ექვემდებარება და მისგან სხვადასხვა პროდუქცია – მათ შორის ტანსაცმელიც მიიღება. ნარჩენების მართვა ესტონეთში დღეს მომგებიან ბიზნესად ითვლება.
ფოტოზე: დამუშავებული მინისა და პლასტმასის ბოთლის მასა