რა არის საავტორო უფლება, მისი სამართლებრივი საფუძვლები და როგორ მოქმედებს იგი Youtube-ში?
საზოგადოებაში ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად ყოველდღიურად იქმნება მეცნიერული, ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებები, იქნება ეს ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, სტატია, კომპიუტერული პროგრამა), მუსიკალური ნაწარმოები (მელოდია, მუსიკალური ვიდეოკლიპი), ვიდეო, ხელოვნების ნიმუში, ფოტო, გადამუშავებული ნაწარმოები (მაგ., წიგნის თარგმანი) და სხვა. ადამიანი ამგვარი ნაწარმოების შექმნის წამიდან იძენს საავტორო უფლებას.
საავტორო უფლება ნიშნავს პირის უფლებას, ფლობდეს და საკუთარი ნებით განკარგავდეს შექმნილ ნაწარმოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას არ შეუძლია სხვის მიერ შექმნილი პროდუქტის მითვისება, და ზოგჯერ გამოყენებაც კი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საავტორო სამართლის ობიექტი საქართველოს კანონმდებლობით ვერ გახდება მოსაზრება, იდეა, ფაქტი, პროცესი, სახელწოდება და სახელი. ასევე ოფიციალური დოკუმენტები, კანონები, სასამართლო გადაწყვეტილებები, სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოები (დროშა გერბი, ჰიმნი), რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას, შეზღუდვების გარეშე, აქვს უფლება გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებები.
საავტორო უფლება გარანტირებული და კოდიფიცირებულია საავტორო სამართლით. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ მიღებული კანონი სწორედ ამ სახის პრობლემებზე საუბრობს და ქმნის გარანტიას, დაცული იყოს ადამიანის უფლება შექმნილ ნაწარმოებზე.
რაც შეეხება საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქართული კანონმდებლობიდან მას აწესებს როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი (ზიანის ანაზღაურება, საავტორო უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა და მისი დაზარალებული მხარისთვის გადაცემა, ასევე ფულადი კომპენსაცია) ასევე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი(რომლის 157 პრიმა მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500 დან 3000 ლარამდე) და სისხლის სამართლის კოდექსი (189-ე მუხლი- 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა).
საავტორო უფლებაზე საუბრობს ისეთი ფუძემდებლური საერთაშორისო სტატუტიც, როგორიცაა 1886 წლის ბერნის კონვენცია, რომელთანაც შეერთებულია 176 ქვეყანა (მათ შორის საქართველოც). ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, სახელმწიფოებში დაცული იყოს საავტორო სამართლის მინიმალური სტანდარტები მაინც.
საავტორო სამართლის საერთაშორისო დონეზე დაცვა 21-ე საუკუნეში უფრო აქტუალური და საჭირო ხდება თანმდევი გლობალიზაციის პროცესის გამო. კიბერ სივრცის განვითარებასთან ერთად, ინტერნეტ პლატფორმების სიუხვისა და მრავალფეროვნების გამო, საჭიროა მყარი საავტორო სამართებრივი ნორმების მიღება, რომლებიც შექმნის გარანტიას, დაცული იყოს შემოქმედთა უფლება საავტორო ნაწარმოებებზე.
იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო იზრდება ისეთი ვიდეოპლატფორმის როლი, როგორიცაა Youtube (იუთუბი), საინტერესო იქნება, მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ მოქმედებს მოცემულ ვებ-გვერდზე საავტორო სამართალი.
Youtube-ზე ყოველდღიურად ათასობით ვიდეო თავსდება, რომელთაგან უმეტესობა ხდება საავტორო სამართლის ობიექტი. გახდება თუ არა ნაწარმოები დაცული საავტორო სამართლის მიერ, ზოგადად, თავად ავტორის ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ავტორის გადასაწყვეტია, შეძლებენ თუ არა სხვა პირები მისი ვიდეოს გამოყენებას. შესაბამისად youtube პლატფორმაზე არსებობს როგორც საავტორო სამართლით დაცული, ისე თავისუფლად გამოყენებადი ვიდეოები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ უკანასკნელთა გამოყენება არ იწვევს არანაირ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მაგალითად, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, Youtube-ზე მომღერლის მიერ ატვირთული მუსიკალური ვიდეოს გადმოწერას და საკუთარი ნაწარმოებისვის ამ მუსიკალური ვიდეოს გამოყენებას, Youtube მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წაშლის ჩვენს მიერ ატვირთულ ვიდეოს ავტომატურად (შემუშავებული ტექნოლოგიით) ან მუსიკალური ვიდეოს ორიგინალი ავტორის მოთხოვნით.
თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საავტორო სამართლით დაცული ვიდეოს გამოყენება საკუთარი ვიდეოსთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულ იქნება ე.წ. fair use (კეთილსინდისერი/სამართლიანი გამოყენება), რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებითა და წესების დაცვით შეგვიძლია საავტორო სამართლით დაცული ნაწარმოების საკუთარი ვიდეოსთვის გამოყენება. Fair use-ის იდეა ყველა ქვეყანაში, ყველა ინტერნეტ პლატფორმაზე, ან სხვადასხვა ნაწარმოებისთვის განსხვავებულად რეგულირდება. იგი შეიძლება გულიხმობდეს ვიდეოს გარკვეული მონაკვეთის, გარკვეული ხანგრძლივობით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოყენებას. მაგალითად, fair use შეიძლება გულისხმობდეს ვიდეოსთვის ფილმის (რომელიც დაცულია საავტორო სამართლით) მხოლოდ 10 წუთიანი მონაკვეთის გამოყენებას.
თუმცა fair use-ის შემთხვევაშიც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ორიგინალი ავტორის მოთხოვნის საფუძველზე ვიდეო წაიშალოს Youtube პლატფორმიდან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩათვლის, რომ მან საავტორო ვიდეო გამოიყენა fair use-ის ფარგლებში, ანუ სამართლიანად, წესების დაცვით, მას შეუძლია დაწეროს საჩივარი, რომელსაც მიიღებს Youtube და საჩივარს გაუგზავნის ორიგინალ ავტორს. პროცესი შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოში, სადაც გადაწყდება, სამართლიანად გამოვიყენეთ თუ არა საავტორო ნაწარმოები.
ასევე შესაძლებელია სხვისი ნაწარმოების გამოყენება მოცემული ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით და ლიცენზიის მიღებით, ნაწარმოების გამოყენებისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით და ა.შ. ეს ყველაფერი თავად ორიგინალ ავტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამაში მდგომარეობს საავტორო უფლების შინაარსი- ავტორი თავისუფლაალია, განსაზღვროს, როგორ შეძლებენ სხვები საკუთარი ნაწარმოების გამოყენებას.
საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით დავა შეიძლება წარმოიქმნას თავად ავტორებს შორისაც- როდესაც ერთი ავტორი საკუთარ მუსიკალურ ვიდეოში იყენებს აქამდე არსებული მუსიკის მელოდიას. სასამართლო პრაქტიკა იცნობს ასეთ შემთხვევებს და დავას წყვეტს საავტორო უფლების დამრღვევისთვის ჯარიმის ან ორიგინალი ავტორის ნაწარმოების გამოყენებით შექმნილი ვიდეოს youtube-ზე ატვირთვით მიღებული მოგების ორიგინალი ავტორისთვის გადაცემით.
21-ე საუკუნის მზარდმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ და კიბერსივრცის განვითარებამ გაზარდა საავტორო სამართლის აქტუალურობა და დაცვის საჭიროება. აუცილებელია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც შედარებით უცხოა საავტორო სამართლის თემა, ამაღლდეს ცნობიერება მოცემული საკითხის შესახებ.
სტატიის ავტორი: შალვა ქიტესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.