გარემოვაჭრეები გურჯაანში ვაჭრობის უფლებას ითხოვენ
ქალაქ გურჯაანში რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე მყოფ გარემოვაჭრეებს დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა საქონლის გაშლის და გაყიდვის უფლება აღარ მისცეს.
მათ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. გარემოვაჭრეები მათი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციები იმუქრებიან.
ისინი ამბობენ, რომ მერიამ მათ ტერიტორიის დატოვება ისე მოსთხოვა, რომ ვაჭრობისთვის ალტერნატიული ფართი არ გამოყო. ემზარ ზარდიაშვილი განმარტავს, რომ გარევაჭრობა მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია, ალტერნატიული ფართის არარსებობის გამო კი მის გარეშე დარჩენა ემუქრება.
,,არ გვაქვს გამოყოფილი ალტერნატიული ფართი, სადაც მივალთ, დავდგებით და ვივაჭრებთ. თუ ცენტრიდან ქვევით გაგვიშვებენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, აზრი არ ექნება იქ დგომას, იმიტომ რომ მყიდველი იქ არ მოვა. ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო ეს ჩვენთვის და ახლა რითი ვარჩინო ოჯახი? დღეს ვის ეხალისება ქუჩაში დგომა. განათლებაც გვაქვს, მაგრამ გაჭირვებამ ყველა გარეთ გამოგვიყვანა’’, – განაცხადა ემზარ ზარდიაშვილმა.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ დაკავებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას.
,,ისედაც ამ სიცივეში გარეთ ვდგავართ და ვიყინებით. ახლა უნდათ გადაგვიყვანონ ისეთ ადგილას, სადაც არანაირი პირობა არ არის და ვერც საქონელს გავყიდით. გარდა ამისა, ბაზარში რომ შევიდეთ და იქ ვივაჭროთ, ყოველდღიურად გადასახადი უნდა გადავიხადოთ. ხან დღეში 5 ლარიც არ მრჩება და იქ თუ გადავიხდი სახლში რა მივიტანო? ბევრჯერ შევხვდით მერს და ვთხოვეთ მოეცა ვაჭრობის უფლება, თუმცა უარი მივიღეთ. არ დავთმობთ ამ ადგილს’’,- აღნიშნა ლეილა კრაწაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადასასვლელად ერთი თვის ვადა ჰქონდათ, რომელიც 28 თებერვალს ამოიწურა. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობას აღარ დაუშვებენ.
,,1 წლის წინ დაიწყო მუნიციპალიტეტის მერმა გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკებები. გარდა იმისა, რომ ქალაქი ნაგვიანდება, ასევე საგზაო უსაფრთხოებასაც ექმნება სერიოზული პრობლემები. მერიამ მათ ორი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, სადაც გადასვლაზე უარი თქვეს. მათ ერთი თვის ვადა ჰქონდათ მიცემული და იცოდნენ, რომ 1 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ვეღარ დადგებოდნენ. მოვაჭრეებმა ბოლოს შეხვედრის დროსაც დადეს პირობა და გამოთქვეს სურვილი, რომ შევიდოდნენ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ან წავიდოდნენ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში, თუმცა დღეს ამაზე უარს აცხადებენ. მათ არ უნდათ აღნიშნული ადგილის გათავისუფლება და ისევ ერთი თვის ვადა მოითხოვეს, რაზეც მერიამ უარი უთხრათ. ბევრი ალტერნატიული ფართი შევთავაზეთ მათ, სადაც შეუძლიათ ივაჭრონ’’,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.