რაში გაიხარჯა გურჯაანის 2018 წლის ბიუჯეტი და რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას
გურჯაანის 2018 წლის ბიუჯეტიდან, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 22 მილიონ 883 000 ლარი შეადგინა, 2 მილიონ ლარამდე ნაშთი დარჩა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ თანხის ნაწილი 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ პროექტებზე გადანაწილდება. ნატო გონგაძე მიუთითებს, რომ გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ახალგაზრდული საკითხები იყო. მისივე თქმით, ბიუჯეტი 91%-ით შესრულდა და ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი გურჯაანის მერიამ განახორციელა.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტმა სახელმწიფოს მიერ პროექტების განსახორციელებლად გადმორიცხული ფინანსების ჩათვლით 22 მილიონ 883 000 ლარი შეადგინა. აქედან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონ 315 000 ლარი იყო გამოყოფილი. გასული წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურული მიმართულება. მუნიციპალიტეტში განხორციელდა 45 პროექტზე მეტი და მთავრობის განკარგულებით დაფინანსებული თანხებიდან 90% -ზე მეტის ავითვისეთ. აღნიშნული თანხიდან ნაშთის სახით, საბოლოო საგარანტიო თანხები გვაქვს გადმოსული და 1 მილიონ 200 000 ლარი დარჩა, რომელიც კონტრაქტორ კომპანიებთან შესრულებული საქმიანობების მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმების და თანხის გადარიცხვის შემდეგ გაიხარჯება. გასულ წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით საკუთარი შემოსავლების და სპეციალურად გამოყოფილი თანხების ჩათვლით 11 მილიონ 750 000 ლარი დაიხარჯა, რაც შეეხება კულტურას 1 მილიონ 758 000 ლარი დაიხარჯა, განათლების კუთხით 2 მილიონ 63 000 ლარი, სოციალური პროგრამებს კი 1 მილიონ 335 000 ლარი მოხმარდა. რაც შეეხება საკუთარ თანხებს, ადგილობრივი ბიუკეტიდანაც დაგვრჩა ნაშთი 800 000 ლარი, რომელიც დაემატა 2019 წლის ბიუჯეტში სოციალურ სფეროს. მთლიანობაში ბიუჯეტის 91% -ით შესრულდა’’,- განუცხადა ,,knews.ge-ს” ნატო გონგაძემ.
ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას.
,,ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ ბუწაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზე არ არის მორგებული. ბუწაშვილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და ტენდერების დაგვიანებით გამოცხადებაზეც მიუთითებს, რაც, მისი შეფასებით, გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მისივე თქმით, არასწორი დაგეგმვის გამო თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის თანხას სრულად ვერ ითვისებს.
,,ბიუჯეტი არ იგეგმება საჭიროებების გათვალისწინებით, გვიანდება ტენდერების გამოცხადება, რაც ქმნის პრობლემებს. სოციალურ პაკეტზე დახარჯული თანხა კი არ არის რელევანტური. ჩემი აზრით, გასაუქმებელია მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება სოციალური პაკეტიდან, ამის ხარჯზე შესაძლებელია 700 ოჯახს, რომელიც სიღატაკეში ცხოვრობს, დავუფინანსოთ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გადასახადი. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ კომუნალური გადასახადები გაზრდილია, პენსიით კი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალია ოჯახებისთვის, შეუძლებელია ხარჯების დაფარვა. ბიუჯეტის ამ მიმართულებით სწორად გადანაწილება ფინანსების სრულად ათვისებას შეუწყობდა ხელს’’,– აღნიშნავს “Knews.ge-სთან” საუბრისას თემურ ბუწაშვილი.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალური პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. გურჯაანში მცხოვრები ნელი გელაშვილი მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალური პირობების დროს, წლის ბოლოს ბიუჯეტში გაუხარჯავი თანხა არ უნდა რჩებოდეს.
,,ყველაფერი ძვირია, მინიმალური შემოსავლის პირობებში ვერაფერს ვყიდულობთ, ხოლოდ პურს ან რამე უბრალო საჭმელს თუ ვიყიდით, რომ მშივრები არ მოვკვდეთ. ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი წამლებში მიდის. ჩემი აზრით, იმის მაგივრად რომ ბიუჯეტში დარჩეს თანხა და სხვა საკითხებზე გადანაწილდეს, უნდა დაემატოს სოციალურ სფეროს და უწყებას შეუძლია პირველადი მოხმარების წამლები მაინც მისცეს მეტ გაჭირვებულ ადამიანს და პენსიონერს’’,- ამბობს ნელი გელაშვილი.