ახალი ამბები

მუნიციპალიტეტების ფინანსური შემოსულობების გაზრდისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება განხორციელდება

დეცენტრალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის გეგმის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულები ფინანსურად დამოუკიდებლები იქნებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ როსებაშვილის ინფორმაციით, მოსალოდნელი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტების ფინანსური შემოსულობების გაზრდისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიების განხორციელება იგეგმება. მისივე განმარტებით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური დოვლათით დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობა და სახელმწიფო რესურსების განაწილების მექანიზმების გაუმჯობესება.
,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილებები და სარგებლობის ლიცენზირების გარკვეული სახეების კომპეტენცია გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას. საშუალოვადიან პერსპექტივაში მომზადდება ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლების გაზრდა მათი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. ამ კუთხით განხილული იქნება საშემოსავლო გადასახადის საზიარო წილის პროცენტის ცვლილება, გადაიხედება ქონების გადასახადის გაანგარიშების წესი, გადამხდელთა და დაბეგვრის ობიექტები. გამარტივდება პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის მიერ მის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირების საკითხთან. რაც შეეხება შემოსავლების განაწილების პრინციპს, მომზადდება ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში, რომელიც დაკავშირებულია გათანაბრების პოლიტიკის განსაზღვრისა და გაანგარიშების პრინციპებთან და მეთოდიკასთან და დადგინდება შემოსავლების განაწილების პრინციპი. განაწილების პრინციპი განისაზღვრება კანონით. ამასთან, 2019 წლიდან დამატებული ღირებულების გადასახადი განაწილდება. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად თვითმართველობის დაფინანსების მექანიზმების სრულყოფაც იგეგმება. მომზადდება უფლებამოსილების დელეგირების ინსტრუქცია. დოკუმენტში გაიწერება დელეგირების პირობები, მექანიზმი, პირობები. განისაზღვრება დელეგირებული სერვისის ღირებულების გაანგარიშების წესი’’,- განუხადა “knews.ge-ს” ნიკოლოზ როსებიშვილმა.