რეგიონებში ბუნებრივ აირზე ტარიფი, სავარაუდოდ, იანვრიდან გაიზრდება
2019 წლის იანვრიდან რეგიონებში ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებას ვარაუდობენ. აბონენტებს გაზრდილი გადასახადის ქვითარი იანვრიდან მიუვათ. გაზის ღირებულების გაზრდა უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბუნებრივ აირზე მომატებული ტარიფი მძიმე სოციალური პირობებს კიდევ უფრო გაართულებს.
,,თვიდან თვემდე ვალს ვიღებთ, რომ კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ. ისედაც ბევრი სახარჯო თანხა გვჭირდება, რადგან გაძვირდა ყველა პროდუქტი, ახლა ბუნებრივ აირზე გადასახადი რომ გაიზარდოს, გადახდას ვერ შევძლებთ. ზამთარში ბუნებრივი აირით ვთბებით და ყოველ თვე 100 ლარზე მეტის გადახდა მიწევს. გარდა იმისა, რომ ყინვის დროს გაზს წნევა აკლდება, ბუნებრივი აირის მოხმარება ყველა ოჯახში ორმაგდება და გაორმაგებულ გადასახადს ვერ გადავიხდით. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ოჯახში მხოლოდ ერთი მუშაობს და მცირე შემოსავალი გვაქვს’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა მანანა მამიაშვილმა.
მოსახლეობა მიუთითებს, რომ ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდა არსებული ტარიფითაც უჭირთ, გაძვირების შემთხვევაში გაზის საფასურს ვეღარ გადაიხდიან.
,,მძიმე მდგომარეობაში ვართ, იმ გადასახადსაც ვერ ვიხდი რაც ახლაა, გაზრდის შემთხვევაში კი იძულებულები გავხდებით, შეშით გავთბეთ. შეშაც ძვირი დაჯდება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. გაზაფხულოდან მაინც გაძვირებულიყო ბუნებრივი აირი, რომ ნაკლები მოხმარება ექნებოდა და მძიმე ტვირთად არ დაგვაწვებოდა”.
ბუნებრივ აირზე გადასახადის მომატებას კომპანიები რამდენიმე თვეა ითხოვენ. მათი თქმით, მიზეზი ლარის გაუფასურებაა.„ყაზტრანსგაზის“,SOCAR Georgia Gas-ისა და „საქორგაზის“ სატარიფო განაცხადების განხილვა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. კომპანიები სამომხმარებლო ტარიფების მატებას თბილისსა და რეგიონებში ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, ახალი ტარიფი ლარის გაუფასურებული კურსით დაანგარიშდება.
,,ძალიან ბევრი კომპონენტია ტარიფის დათვლისას, მათ შორის არის ინვესტიციების ნაწილი, ლარის კურსი, მიწოდების ტარიფი და სხვა. გადასახადი ლარის 2,50 კურსით იყო დათვლილი, ახლა კი 2,66-ით არის დაანგარიშება კომპანიის მიერ’’,-განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
ბუნებრივ აირზე ტარიფის 3 -5 თეთრიან ზრდას ვარაუდობენ დარგის სპეციალისტები. ამ შემთხვევაში, რეგიონების მოსახლეობას მოხმარებულ 1 კუბურ მეტრზე 60 თეთრის გადახდა მოუწევს.
ექსპერტების შეფასებით, გაზრდილი ტარიფები განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს დააზარალებს.
,,ლარი გაუფასურდა და თუ დაითვლება ამ მეთოდოლოგიით გაზის ტარიფი, სავარაუდოა რომ გაიზრდება ტარიფი მოსახლეობისთვისაც. ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი გამოიწვევს მცირე მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის და მომსახურების გაძვირებას, იმიტომ რომ მათ ხარჯები ეზრდებათ’’,- აცხადებს ეკონომისტი პაატა შეშელიძე.
ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა. რამდენთეთრიანი იქნება მატება, გადაწყვეტილებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ, მანამდე კი ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიაში საკითხის კომენტირებას თავს არიდებენ.