“ჩვენ არ ვფიქრობთ დეცენტალიზაციაზე, როგორც თვითმმართველობებზე უბრალოდ ტვირთის გადატანაზე”
ჩვენ არ ვფიქრობთ დეცენტალიზაციაზე, როგორც მთავრობის მხრიდან თვითმმართველობებზე უბრალოდ უფლებამოსილებებისა და ტვირთის გადატანაზე, -განაცხადა ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში მიმდინარე ფორუმზე.
მაია ცქიტიშვილის თქმით, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებასა და დეცენტრალიზაციაზეა საუბარი, აუცილებელია ეს პროცესი იყოს გააზრებული, თანმიმდევრული, მდგრადი და მუდმივი სისტემის შექმნაზე ორიენტირებული, რაც თვითმმართველობის მუდმივ განვითარებას უწყობს ხელს.
“ყველანი ვთანხმდებით, რომ თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც მას მოქალაქე ენდობა და თვითმმართველობას მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტილს უნარი აქვს, მაგრამ პრობლემების გადაჭრის გარდა, ჩვენ ისეთი თვითმმართველობის შექმნა გვინდა, რომელიც, პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება დასახლებებისა და რეგიონების განვითარებაზე და მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე, მათი შესაძლებელობების განვითარებაზე. სწორედ ასეთი თვითმმართველობის შექმნისკენ არის მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელზეც ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ, მათ შორის საშუალოვადიანი სტატეგია და სამოქმედი გეგმა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომელიც თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოებას, ფისკალურ დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველი ერთეულების გამჭვირვალობას გულისხმობს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ უფლებამოსილებები უნდა გაფართოვდეს – ადგილზე უნდა იმართებოდეს საჯარო საქმის დიდი ნაწილი, ხოლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს უფრო სწრაფად და ეფექტიანად, უნდა იყოს დამყარებული მოქალაქეთა ნებასა და მათ ჩართულობაზე. მეორე სფერო არის ფისკალური დეცენტრალიზაცია. აქ თვითმმართველობას მეტი საქმის გასაკეთებლად მეტი ფინანსური რესურსი და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები და შესაძლებელობები სჭირდება. მესამე ეს არის კარგი მმართველობა – თვითმმართველობა გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ყველა პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ქმედით და აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი