ირაკლი კობახიძე – პარლამენტი თვითმმართველობის გაძლიერებას აქტიურად დაუჭერს მხარს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის უმარლესი საკანონმდებლო ორგანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერება და ამ პროცესში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა მნიშვნელოვანია.
“თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს მოქალაქეთა ჩართულობაში. თვითმმართველობა არაფერია, თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უდიდესი როლი უნდა დაეთმოს. პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული. მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში. პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით მთავრობმა ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, თუმცა საკითხების კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგება არ არის საკმარისი. კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა განვითარდეს.
,,საქართველოში 2004 წელს განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიკაცია და ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარება. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში აისახა პირველი ნორმები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ, 2017 წელს კი ეს გარანტიები კიდევ უფრო ქმედითი გახდა. დღევანდელ კონსტიტუციაში ასახულია ყველა ის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება განვითარებული ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, ამ საკითხების კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა განვითარდეს. ამისათვის არის საჭირო მკაფიო ხედვის არსებობა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის არსებობა და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს მთავრობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების და მეტი რესურსების გადაცემას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.