არასამთავრობოები – არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს
არასამთავრობო ორგანიზაციები ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’’ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით მიმართავენ.
მესამე სექტორის განმარტებით, ცესკოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება.
ისინი მიუთითებენ, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა, რაც დღევანდელი მოცემულობით, 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა, არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს რიგი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შემდეგ მიზეზთა გამო: საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.
გარდა ამისა, სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბრის, შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ცესკოს, გაიზიაროს იგივე სულისკვეთება და პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა’’,- აღნიშნულია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.