ყვარელში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნება
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი შპს „ყვარელი პალასი” შეემატა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ყვარელში, ჩალის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც 2018 წლის მარტიდან გაიხსნება. პროექტის ღირებულება 8 500 000 ლარია.
“სასტუმროში და მის ტერიტორიაზე იქნება სხვადასხვა სარელაქსაციო და გასართობი სივრცე, კერძოდ, ტბის გარშემო არსებული სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო კომპლექსი, სპა, მასაჟის კაბინეტი, საუნა, თურქული აბანო, წყლის თხილამური, ველოტრასა და დაგეგმილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საკონფერენციო დარბაზის გახსნა.
კომპანიის შპს „ყვარელი პალასი“ მიზანია კახეთის რეგიონის, ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისათვის. სასტუმროს მენეჯმენტი ორიენტირებულია ჰყავდეს როგორც კმაყოფილი მომხმარებელი, ასევე ლოიალური და მოტივირებული თანამშრომლები. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 8 500 000 ლარს შეადგენს და პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, 2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2014 წლიდან ჯამში მხარდაჭერილია 418 პროექტი, რომელიც მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს და ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 15 900-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი