არჩევნებისთვის კახეთში 64 მარტივად ადაპტირებული და 45 პანდუსიანი საარჩევნო უბანი ამოქმედდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კახეთის რეგიონის 8 ოლქში 64 მარტივად ადაპტირებული, ხოლო 45 კი პანდუსიანი საარჩევნო უბანი ამოქმედდება.
ცესკოს ცნობით, კახეთში 309 საარჩევნო უბანია.
,,გურჯაანში 7 უბანი შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული, პანდუსიანი კი 16 უბანია. სიღნაღში 11 ადაპტირებული უბანი იმუშავებს, 6 უბანი კი პანდუსიანი იქნება. ოთხი ადაპტირებული უბანია საგარეჯოში, პანდუსიანი კი 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება. დედოფლისწყაროში 7 ადაპტირებული, 4 კი პანდუსიანი იქნება. ლაგოდეხში 5 ადაპტირებული უბანი ამოქმედდება, ხოლო პანდუსიანი 1 უბანი იქნება. ყვარელში ადაპტირებული იქნება 3 და პანდუსიანი 6 საარჩევნო უბანი იმუშავებს. თელავში ადაპტირებული 12 და პანდუსიანი 15 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ახმეტის მუნიციპალიტეტში ადაპტირებული 20, ხოლო პანდუსიანი 6 საარჩევნო უბანია”, – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
სამართლიანი არჩევნების“ იურისტის, თათია ქინქლაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურდ იზრდება შშმ პირებისათვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების რიცხვი, ამ მიმართულებით მაინც რჩება პრობლემები, რომლებიც დროულად უნდა მოგვარდეს.
,,იზრდება თანდათან ადაპტირებული უბნების რიცხვი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ შეისწავლონ ადაპტირებულ უბნებში არსებული მდგომარეობა. პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გამოიკვლიონ, თუ რამდენად არის ადაპტირებული საარჩევნო უბნები და აქვთ თუ არა შესაძლებლობა შშმ პირებს ისარგებლონ აქტიური საარჩევნო უფლებით. მთლიანობაში კი მაინც პრობლემას წარმოადგენს ადაპტირებული უბნების რაოდენობა და რიცხვი. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ უბნის ადაპტირების მიუხედავად, მაინც შეეზღუდათ შშმ პირებს საარჩევნო უფლება’’, – განუცხადა Knews.ge-ს თათია ქინქლაძემ.
ნატალია ცისკარაშვილი