თელავში გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს შეხვდა
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავში შეხვედრა გამართა.
გრიგოლ ვაშაძემ პარტიულ აქტივისტებს არჩევნების პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვაშაძის განცხადებით, კახეთში ხელისუფლება დამარცხდა და არჩევნებს მეორე ტურში კიდევ უფრო წააგებს. მისივე თქმით, მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ იწყება მუხლჩაუხრელი შრომა ქვეყნის განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
„ამ ხალხმა აბსოლუტური სასწაული მოახდინა. კახეთში ხელისუფლება დამარცხდა უმწარესად და გარანტიას გაძლევთ, კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება მეორე ტურში. მთავარი ის არის, რომ მთელი აქტივი მთხოვდა, რომ ჩვენ გველაპარაკა იმაზე, რა გეგმები გვაქვს მომავლისთვის და როგორ უნდა გარდაიქმნეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა იმისათვის, რომ იყოს დემოკრატიული“, –განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით,
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% მიიღო, ხოლი გრიგოლ ვაშაძემ კი – 37.73%.
პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ მო8გო ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქები, ხოლო მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი გამარჯვება გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ოლქებში მოიპოვა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი