რას მოუტანს რძის სექტორს დღგ-სგან გათავისუფლება
ადგილობრივი წარმოების რძე და რძის პროდუქტები შესაძლოა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან განათავისუფლდეს. საკანონმდებლო ცვლილება ფინანსთა სამინისტროს ეკუთნის. უწყების მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უკვე განიხილეს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტში კი, მისი განხილვა გადაიდო. მიზეზად დამატებითი კონსულტაციების გამართვა დასახელდა. ინიციატივის ძალაში შესვლის შემთხვევაში სახელმწიფოს ეს ცვლილება 35 მილიონი ლარი დაუჯდება. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას მოსაზრებით, აღნიშნული ინიციატივის შედეგად ბიუჯეტში ათობით მილიონ ლარს დაკარგავს.
,,განხილვა გადაიდო, რადგან კომიტეტმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ის დადებითი ეფექტი რომელსაც ეს ცვლილება მოიტანს. ის განმარტავს, რომ შედეგად სახელმწიფომ უნდა მიიღოს გაიაფებული პროდუქტი, ნედლი რძის წარმოების და გადამუშავების წახალისება ან პროდუქტის ხარისხის ზრდა“, – ამბობს დანელია.
,,მომავლის ფერმერის“ დირექტორი რუსუდან გიგაშვილი ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ თუ სახელმწიფოს პრობლემების მიმართ კომლექსური მიდგომა არ ექნება, ეს ცვლილება მნიშნელოვან შედეგს არ მოიტანს.
,,ბევრი პრობლემაა რძის ინდუსტრიაში და ეს შეიძლება, გახდეს კარგი მოტივატორი გარკვეული პროცესების დასაწყებად. პრობლემები ბევრია, მაგალითად ფალსიფიკაცია, რომელიც ვერ კონტროლდება. ასევე, ქვეყანაში შემოდის უხარისხო რძის ფხვნილი, რომლისგანაც მზადდება პროდუქტები. არ ხდება მომხმარებლის სათანადო განათლება და ცნობიერების ამაღლება. მოსაგვარებელი და გასაკონტროლებელია ეტიკეტირების საკითხიც. უნდა არსებობდეს დარგის განვითარების გეგმა, სადაც მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. ამ და სხვა საკითხებზე კომპლექსურად არის სამუშაო ჩასატარებელი. რაც შეეხება დღგ-ს, ფერმერები თავის მხრივ, გარკვეულწილად მოგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან. გაიზრდება რძის წარმოება და საწარმოები ჩაბარებენ დიდი რაოდენობის რძეს მაღალ ფასად. დასარეგულირებელია მეწარმესა და ფერმერს შორის კომუნიკაციის საკითხებიც. აღრიცხული უნდა იყოს პირუტყვი და შესწავლი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა – საქონელი უნდა იყოს მიკვლევადი. იმ დროს, როდესაც ამდენი პრობლემაა და მომხმარებლის ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია, გადაწყვიტეს, იოლი გზა მოეძებნათ – რჩება მეტი მოგება და არის ნაკლები თავისტკივილი“, – განაცხადა knews.ge-სთან გიგაშვილმა. რძის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორის გოჩა ღაღაშვილის მოსაზრებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს მომმარებლამდე გაიაფებული პროდუქტის მიტანას.
,,იმ 18% -ს, რასაც აქამდე ვიხდით, მეწარმეს ხარჯს შეუმცირებს, რაც ერთმნიშვნელოვად კარგია. რძე და რძის პროდუქტები იქნება მეტად გაყიდვადი და მომხმარებელთან მივა პროდუქტი ნაკლებ ფასად. ჯერ კანონპროექტი ძალაში არ არის შესული, მაგრამ თუ დაინერგება, მივესალმები“, – ამბობს knews.ge-სთან ღაღაშვილი.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კახაბერ კონიაშვილი ფიქრობს, რომ ცვლილების დანერგვა სწორედ პირველად წარმოებას და მის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,ცვლილება მომგებიანი იქნება ფერმერისთვის და რძის პირველადი მწარმოებლებისთვის, გაჩნდება ძალიან დიდი მოთხოვნა რძეზე. ამის გამო, შესაძლებელია შეიქმნებას რძის ისედაც დეფიციტურ პირობებში რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რძის ფასის ზრდა. ეტაპობრივად მოხდება იმ რძის დაბეგვრაც, რომელიც დღეს არალეგალურად იწარმოება და სახელმწიფო ვერ იღებს ამისგან შემოსავალს.ის, ვინც დაინტერესებულია გააკეთოს ინვესტიცია პირველად წარმოებაში, უფრო მეტი სტიმული მიეცემა, ხელი შეეწყობა ფერმერული მეურნეობების ზრდას. რაც შეეხება რძის ხარისხის გაკონტროლებას, სულ რამდენიმე ფერმაა საქართველოში, ვისაც აქვს ევროპულ ხარისხთან მიახლოებული რძე. როდესაც მოთხოვნა გაიზრდება, საწარმოები მეტად გააკონტროლონ აღებული რძის ხარისხს. მათი ინტერესში არ შედის, ჩაიბარონ უხარისხო და დაბინძურებული რძე. შესაბამისად, პირველადი მწარმოებელიც დაინტერესდება რომ აწარმოოს სუფთა და ხარისხიანი ნედლი რძე, ამით მივიღებთ გაუმჯობესებულ ხარისხს. საკანონმდებლო ინიციატივაში უნდა დაიხვეწოს მთელი რიგი დებულებები, რადგან ამ სახით თუ შევიდა ძალაში შესაძლოა, მოყვეს მეწარმეებისა და გადამამუშავებლებისთვის გართულებები. ამ კუთხით, სოფლის მეურნოების სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციები“, – აცხადებს knews.ge-სთან კონიაშვილი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ გაგუას მიაჩნია, რომ ინიციატივა გაზრდის მოთხოვნას ნატურალურ პროდუქტზე.
,,ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი უფრო მიმზიდველი გახდება მომხმარებლისათვის. ვფიქრობთ, კომპანიებისთვის, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, უფრო მიმზიდველი გახდება ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება,“ – განაცხადა გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან იწყება რძის პირველადი წარმოების კონტროლი.