სტატიები

რა რისკებს შეიცავს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა?

კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული და დამსაქმებელი, ხოლო ნებაყოფლობით – ნებისმიერი თვითდასაქმებული. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 % გროვდება, აქედან 2 % დასაქმებულს შრომის ყოველთვიური ანაზღაურებიდან აკლდება, 2%-ს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილ 2 %-ს კი სახელმწიფო გადარიცხავს საპენსიო ანგარიშზე. კანონპროექტს აკრიტიკებს მესამე სექტორი. საერთაშორისო გამჭვირვალობაში მიიჩნევენ, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ არ არის ნათელი, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა და რატომ არის ის უალტერნატივო.
„დამსაქმებელთა დავალდებულება, სავალდებულო წესით საპენსიო ფონდში მიმართოს 40-წლამდე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების 2%, ფაქტობრივად გადასახადის ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც აქციზის გარდა ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში და 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ „ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული”. რეგულირების გავლენის შეფასების გამოყენებას ითხოვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 225-ე მუხლი. მიუხედავად ამისა, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი ისე შევიდა პარლამენტში, რომ რეგულირების გავლენის შეფასება არ ჩატარებულა. ეს იმ ფონზე, როდესაც რეფორმა გარკვეული რისკების მატარებელია“, – განუცხადეს knews.ge-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“. 
საპარლამენტო უმრავლესობაში კანონპროექტის არაკონსტიტუციურობას გამორიცხავენ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთ წელში საპენსიო რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარება იგეგმება. აკაკი ზოიძის განმარტებით, პარლამენტი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს იმ კანონის აღსრულებას, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რათა შედეგების ზუსტად შეფასდეს. 
“ეს კანონი ქვაში არ არის ამოკვეთილი, რისკები რა თქმა უნდა რამდენიმე მიმართულებით არსებობს და ამ კანონს სჭირდება ძალიან მჭიდრო ზედამხედველობა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ. ერთი წლის თავზე ასევე იგეგმება RIA- ს თავიდან ჩატარება”, – ამბობს აკაკი ზოიოძე.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის უპირატესობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. ეკატერინე მიქაბაძე ფიქრობს, რომ ამ სისტემის მეშვეობით მოქალაქე შექმნისს დანაზოგი, რომელიც დასაქმებულის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. მიქაბაძის აზრით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ გამოწვევის საპასუხოდ, რომელსაც ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
“სწორედ სოციალური გამოწვევებზე პასუხია დაგროვებითი საპენსიო სქემა. ჩვენ ვქმნით იმის რეალურ საფუძველს, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის რეფორმის მთავარი მიზანი. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მკვეთრი ბიძგია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის“, – აღნიშნავს მიქაბაძე. 
არასამთავრობო სექტორში კი ამბობენ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. „ღირსეულ პენსიას“, რადგან სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 25% არის დაქირავებით დასაქმებული, 34% თვითდასაქმებულია, ხოლო 41% უმუშევარია ან სამუშაო ძალაში არ შედის. მესამე სექტორის შეფასებით, „ღირსეული პენსიის“ აღების საშუალებას არ იძლევა არსებული დაბალი ხელფასები. 
საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს მოქალაქეების ნაწილიც. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მცხოვრები 28 წლის ნინო გოგოლაშვილის აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდება მოსახლების სოციალური მდგომარეობა. 
„ქვეყანაში, სადაც პედაგოგის საშუალო ხელფასი შეადგენს 150 ლარს, საჯარო მოხელის საშუალო ხელფასიც 300 ლარია და ქვეყნის მისახლების 95% დაუსაქმებელია, რომელ დაგროვებით პენსიაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე ესაუბრება ხელისუფლება მოქალაქეებს? ბარემ საშემოსავლო გადასახადი 22%-მდე ხომ არ გაეზარდა ხელისუფლებას? ეს კანონპროექტი ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას უსაშველო ტვირთად დააწვება და ბევრად გაუარესდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. მოქალაქეები და ხელისუფლება სხვადასხვა პოლუსზე ცხოვრობენ“, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას ნინო გოგოლაშვილი. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 24 წლის ნათია მექუდიშვილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კომუნისტური რეჟიმის დროს მოქმედი საპენსიო სისტემის მსგავსია. მექუდიშვილის თქმით, დაგროვებითი პენსიის რეფორმით სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობის ზრდას. 
„კანონპროექტში ბევრი ხარვეზია. ერთ-ერთი მთავარი ნაკლი კი ის არის, რომ სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში სახელმწიფო დასაქმებულ და მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს უფრო მეტ თანხას გადაურიცხავს საპენსიო ფონდში, ვიდრე უმუშევრებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას. სახელმწიფომ ჯერ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რათა ყველა მოქალაქემ შეძლოს საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება და არა ასე შერჩევით. ეს იქნება კომუნისტების დროს მოქმედი სისტემის მსგავსი, როდესაც სამუშაო გამოცდილების მიხედვით ერიცხებოდათ პენსია“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნათია მექუდიშვილი. 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი კი მხარს უჭერს დაგრივებით საპენსიო სისტემას, თუმცა შენიშვნები აქვს. იაკობაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული რეფორმის ვალდებულობის კომპონენტში აუცილებელია ასაკობრივი ცენზის მოხსნა და ამავე დროს სახელმწიფო ამ პროცესში ფინანსურად არ უნდა მონაწილეობდეს. 
„დაგროვებით სქემაში უნდა მონაწილეობდეს მხოლოდ კერძო სექტორი – სახელმწიფო იყოს მხოლოდ ზედამხედველი და საშემოსავლო გადასახადის უნიფიცირებული განაკვეთი შემცირდეს 15%-მდე. საბაზისო პენსიის სისტემამ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თითქმის უკვე მიაღწია ფისკალურ შესაძლებლობათა ზღვარს და თვით ყოველწლიურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის პირობებში ნომინალური საბაზისო პენსიის ყოველწლიურად ზრდის შესაძლებლობები არის ახლა უკვე შეზღუდული, ხოლო 2030 წლის და შემდგომი პერიოდისთვის დიდი ალბათობით სრულად ამოწურული. აღნიშნული სიტუაციის განსამუხტად დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ერთადერთი გამოსავალი, რომლის გარეშეც ყოველი დღე ამ მეტად მნიშვნელოვანი საუკუნის პროექტის გარეშე არის დაკარგული ქვეყნისთვის“, – აცხადებს „ნეტგაზეთთან“ საუბრისას არჩილ იაკობაშვილი.