ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდება
„ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა. მე, როგორც დეპუტატი, მინდა შევხვდე ახალგაზრდებს. ეს იყო გარკვეულწილად მათი ინიციატიივა და ჩემი სურვილიც. მინდა არაფორმალურ გარემოში შევიკრიბოთ და ღიად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ და აწუხებთ, რა პრობლემები აქვთ, რას ფიქრობენ და ა.შ. შემდგომში უფრო გამიადვილდება ჩამოყალიბება, რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგა სამომავლოდ. მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ დაესწრება ამ შეხვედრას. თავად ახალგაზრდების გადასაწყვეტია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც იქნებიან შეხვედრაზე“, – განუცხადა knews.ge-ს გელა სამხარაულმა.
ახალგაზრდების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხარაულის პანკისში ვიზიტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. შენგელი ტოხოსაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის დროს ძირითად ყურადღებას გაამახვილებენ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემრლან მაჩალიკაშვილის საქმესა და პანკისში ჰესების მშენებლობის საკითხებზე.
“ახალიწელივით ერთხელ ჩნდება წელიწადში. როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ ხალხის არჩეულია. შეხვედრაზე განვიხილავთ ბოლო დროს განვითარებულ და აქტუალურ თემებს, ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა საკითხზე. ჩემი კითხვები იქნება: რატომ არ შეხვდა ის მაჩალიკაშვილების ოჯახს ან მოსახლეობას, როდესაც იანვარში მასთან შეხვედრას ვითხოვდით? რატომ არ დააფიქსირა საკუთარი აზრი პანკისის სპეცოპერაციაზე და ზოგადად რას ან ვის ემალებოდა იგი ამ თვეების მანძილზე? რატომ გაახსენდა პანკისი წინასაარჩევნოდ, როგორც ყოველთვის?”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას შენგელი ტოხოსაშილი.
რამზან გორგიშვილი კი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები პირველად შეხვდებიან სამხარაულს. გორგიშვილი მიიჩნევს, რომ ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატი მათი პრობლემებით და ხეობაში განვითარებული მოვლენებით აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო.
“კარგი იქნებოდა, რომ გელა სამხარაული აქამდე შეგვხვედროდა. მე არ მახსოვს, რომ მას ახალგაზრდებთან აქამდე შეხვედრა გაემართა”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას რამზან გორგიშვილი.
შეხვედრა სოფელ დუისის კლუბში, 16:00 საათზე დაიწყება.