ლაგოდეხი მალარიის გავრცელების საფრთხის წინაშეა
ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით წყალი ნიადაგში ვერ იწოვება, რადგან აღნიშნული ტერიტორია გრუნტის წყლებითაა გაჯერებული. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს და მალარიის გადამტანი კოღოს საწინააღმდეგო წამლობის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები თამარ ბერიძე უხვი ნალექის გამო დაავადების გავრცელების მაღალ რისკზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხშირი წვიმა ხელს უწყობს დასახლებაში ჭაობიანი ადგილების წარმოქმნას, რაც მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესის გამრავლების კერას წარმოადგენს. ის წელს კოღოების განსაკუთრებულ სიმრავლეზე მიუთითებს და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტერიტორია დროულად არ შეიწამლება, ჭიაურის თემის სოფლები შესაძლოა მალარიის ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდეს. მისი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წელიწადში ორჯერ ჩატარებული პრევენციული ღონისძიებები საკმარისი არ არის.
„იმდენი წვიმა მოვიდა, რომ წყალი დიდხანს არ დაშრება. ისედაც ბევრია უკვე მალარიის გადამტანი კოღო, ისინი ტემპერატურის მომატებისთანავე უფრო მრავლდებიან. წლების წინაც იყო მალარიის ეპიდემია, საშიშროება ახლაც დიდია. ვფიქრობ, რომ კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით წელწადში არა ორჯერ, არამედ ოთხჯერ მაინც უნდა შეიწამლოს ჭიაურის თემის სოფლები“,- აღნიშნავს თამარ ბერიძე.
ჭიაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ამბობს, რომ კოღოს საწინააღმდეგო პრეპარატებით ჭიაურის თემის სოფლებს წელიწადში ორჯერ წამლავენ. თანანა ხვედელიძის ინფორმაციით, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარე წელს პირველად მაისში ჩაატარეს და შემდეგ კი აგვისტოშია დაგეგმილი. ის აცხადებს, რომ ტერიტორიის ქიმიური პრეპარატებით დამუშავებას უახლოეს მომავალში კიდევ აპირებენ.
,,სოფელ ჰერეთისკარში მალარიის არაერთი ფაქტი იყო დაფიქსირებული წლების წინ და ამიტომ შიშობს მოსახლეობა. წელიწადში ორჯერ უწევს შეწამვლა. სპეციალური ფხვნილებია, რომლითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წამლავს მიმდებარე ტერიტორიებს, საცხოვრებელ ადგილებს და სხვა. ახლა გამზადებული გვაქვს წერილი გუბერნიის სახელზე, რომ დამატებით ჩატარდეს წამლობის სამუშაოები. ზოგადად ჭიაურის თემი ძალიან ნესტიანი ადგილია და ნალექის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველწლიურად გვჭირდება ამ სამუშაოების ჩატარება’’,- განუცხადა knews.ge-ს თანანა ხვედელიძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ წყლისგან აღნიშნული ტერიტორიის დაშრობის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების შეკეთება-გასუფთავების სამუშაოები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ 2000 წლის შემდეგ კახეთში, მათ შორის ლაგოდეხში, მოსახლეობის მალარიით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რისკის ზონებს მკაცრად აკონტროლებს და იქ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციას უწყვეტად იღებენ.
,,კახეთში ბოლოს მალარიის შემთხვევა 2000 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ წლებია მსგავსი ფაქტი აღარ განმეორებულა. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ და ვამუშავებთ რისკის ზონაში მდებარე ადგილებს. ის ადგილები, სადაც მალარიის გავრცელების საფრთხე დიდია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს აღწერილი და შესაბამისად მუშავდება. რაც შეეხება ისეთ სადგომებს, რომლებიც განსაკუთრეით საშიშია, მოსახლეობამ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია და დავამუშავებთ აუცილებლად. მალარიის სიმპტომატიკა ძირითადად გამოიხატება ტალღისებური ცხელებით და ტემპერატურის მატებით. ადგილების დამუშავებისა, ჩვენ ვაკონტროლებთ ასევე ყველა სიცხიან პაციენტს. იმ ადამიანს, რომელსაც 5 დღე სიცხე აქვს და ის მიაკითხავს ამბულატორიას, ექიმმა იცის, რომ ის მალარიაზე უნდა გამოიკვლიოს,’’- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
ის რისკის ზონების მაცხოვრებლებს კოღოების დაკბენისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს აძლევს. ნელი ხიზანიშვილი მოსახლეობას კარებებსა და ფანჯრებზე დამცავი ბადეების გაკეთებისკენ და გარე პერიმეტრის დამუშავებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, რისკის შემცველი ადგილების დამუშავების პირობებში და იმ შემთხვევაში თუ წლებია ადგილზე მალარიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მოსახლეობას შიშის საფუძველი არ აქვს.
მალარია მძიმე პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელების შეტევა, ანემია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მალარიით დაავადებული ან პარაზიტმატარებელი ადამიანი. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს ანოფელესის გვარის ე. წ. მალარიის კოღოს. ის ბინადრობს მდელოებზე, ტბებთან, ჭაობში, ტბორში, ჩაკეტილ და მდორე წყალსატევებში. არსებობს მალარიის 4 ფორმა: სამდღიური, ოთხდღიური, სამდღიურის მსგავსი მალარია-ოვალე და ტროპიკული. საქართველოში ძირითადად სამდღიური მალარიაა გავრცელებული.