ყვარელში მდებარე აღდგომის სახელობის ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
უწყების ინფორმაციით, ეკლესია დარბაზულია და ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების ღიობები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურითაა გამოყვანილი. ძეგლს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს.
“ტაძრის კარები გარედან თაღოვანია და ჩასმულია აგურის დადაბლებით მიღებულ სწორკუთხა ჩარჩოში, რომელიც ხერხისებური ლავგარდნით სრულდება. ეკლესიის აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. კედლები დასრულებულია აგურის ლავგარდნით. დახურულია კრამიტით. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტონებში აგურით გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებებია. ეკლსიის კარის ორივე მხარეს აგურის დადაბლებით მიღებული სამ-სამი რომბის გამოსახულებაა, კარის თავზე სახატე ნიშია. აღმოსავლეთით კუთხეებში მომრგვალებული აბსიდაა, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა ზომის ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იატაკი ქვითაა დაგებული”,- აღნიშნულია ანოტაციაში.