“ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით თვითმმართველობებთან შეხვედრები კახეთიდან დავიწყეთ”
მაია ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
“დაწყებული გვაქვს აქტიური დიალოგი მუნიციპალიტეტებთან, სამინისტრო დააფინანსებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტული რეგიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და გამომდინარეობს მათი საჭიროებებიდან. ასევე, ვიწყებთ შეხვედრებს ადგილობრივ თვითმართველობებთან ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გვქონდა კახეთში. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილეთ ყველა ის პროექტი და შესაძლებლობები, რომელიც რეგიონს გააჩნია“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეხვედრაზე კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მინისტრს რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია წარუდგინა. პრეზენტაციის დროს, ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებაზე. ასევე, ღვინის მუზეუმის, ტურისტული დანიშნულების ადგილების, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე.
კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ცენტრალური ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით იმსჯელეს და დაიგეგმა სამომავლო პროექტები.