ხვალ თუშეთში ტურისტული საინფორმაციო ჯიხური გაიხსნება
აღნიშნული პუნქტი ინოვაციური ახალი პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის დანერგვას, შედეგად კი, სერვისების გაუმჯობესებასა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას თუშეთში. საინფორმაციო ჯიხურს გახსნიან საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტომას პერნიცკი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. ტურისტული საინფორმაციო პუნქტი შეიქმნა თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმით განსაზღვრული ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში და მდებარეობს თუშეთის ეროვნულ პარკში, სამხევის რეინჯერთა სახლთან, სოფელ ომალოსკენ მიმავალ გზაზე.
„საინფორმაციო პუნქტის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის გაცნობა თუშეთში ჩასული ტურისტებისა, თუ ვიზიტორებისათვის. აღნიშნული ფინანსური თანამონაწილეობა წარმოადგენს მოხალისეობრივ-საქველმოქმედო მოსაკრებელს. პროექტის მსვლელობის ორი თვის განმავლობაში, ტურისტული საინფორმაციო ჯიხური იფუნქციონირებს საპილოტე რეჟიმში. თუშეთის წლევანდელი ტურისტული სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა მოხმარდება სერვისების გაუმჯობესებას, საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას“, – განუცხადეს knews.ge-ს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში.
ინიციატივა ხორციელდება ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის ბუნების კონსერვაციის სააგენტოსა და კროკონოშეს ეროვნული პარკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, CENN-თან და თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან თანამშრომლობით. ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.