კახეთში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ღონისძიებას პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო.
მინისტრის ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ითვალისწინებს და მისი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
,,მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პანკისის ხეობის, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამების შესახებ. ისინი დეტალურად გაეცნობიან აგროდაზღვევის, საბაჟო საკითხების, საგადასახადო კოდექსის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს, ასევე, პროექტებს „დანერგე მომავალი“, „ახალგაზრდა მეწარმე“, „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისაგან მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ინფორმირებული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, რომელიც თანაბრად და თანასწორად შეძლებს, ისარგებლოს სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა მომსახურებითა და პროგრამით.
„სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა თანასწორობას ეფუძნება. იტეგრაცია თითოეული მოქალაქის თანასწორობის გარეშე შეუძლებელია. თანასწორობა აუცილებლად მოიცავს თანაბარ პირობებსა და საწყის შესაძლებლობებს, რათა თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ჩართულობა კი ინფორმირებულობიდან იწყება. სწორედ ამიტომ ჩამოვედით დღეს სხვადასხვა სამინისტროის წარმომადგენლებთან ერთად, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სარგებლისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა პანკისის ხეობაში მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები და ყურადღება გაამახვილა ხეობაში ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე.