საგარეჯოში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი 1192 მოქალაქეს აქვს
საგარეჯოს მერიის ინფორმაციით, უწყება აგრძელებს დაინტერესებული მოქალაქეებისგან განცხადებებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებას, რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს ემსახურება „სათათბირო ორგანო–საბჭოს“ წევრი ნინო ქურხული.
,,საბჭო აქტიურად მუშაობს, თითოეული დაინტერესებული მოქალაქის საკითხს განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული საბჭო, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა. საბჭოს წევრებმა დღემდე აქტიურად იმუშავეს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის სტატუსის“ მინიჭებაზე, რაც გამოიხატებოდა თითოეული დაინტერესებული მოქალაქის საკითხის შესწავლასა და შესაბამისი ცნობების გაცემაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი“ აქტიური აქვს 1192 მოქალაქეს.’’-, განუცხადეს Knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სტატუსი მიენიჭა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 17 სოფელს: მარიამჯვარს, ანთოკს, სათაფლეს, ზემო ყანდაურას, გომბორს, რუსიანს, ვერონას, ვაშლიანს, ასკილაურს, უჯარმას, პალდოს, მუხროვანს, კოჭბაანს, ოთარაანს, სასადილოს, გორანასა და იკვლივ გორანას. აღნიშნული სტატუსი სხვადასხვა სახის სოციალურ შეღავათს ითვალისწინებს.