სტატიები

სიღნაღში ფერმერებისთვის საქონლის კვების ტექნოლოგიაზე სემინარი ჩატარდა

კომპანიის მიერ ავსტრიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა მეწარმეებს საქონლის კვების ეფექტურ საშუალებებზე, დაავადებებისგან ცხოველების დაცვაზე, პროდუქტიულობის გაზრდასა და მოვლაზე ევროპული გამოცდილება გააცნეს. 
კომპანია ,,ინვეტის” მეცხოველეობის მიმართულების მენეჯერი გურამ მელქაძე საქონლის სწორი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომბინირებულ კვებაზე მყოფი პირუტყვის ხორცი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. მისი თქმით, უხეში საკვების წარმოების მიმართულებით ფერმერებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ, რომელიც მსგავსი ტრენინგების საშუალებით უნდა აღმოიფხვრას. 
,,ბოლო დროს მერძეული მიმართულების ბევრი ფერმერული მეურნეობა გაიხსნა, რომელიც ძირითადად არაპროდუქტიული პირუტყვით არის დაკომპექტებული. ფერმერების უმეტესობას პირუტყვის ეფექტურად კვების და პროდუქტიულობის ამაღლების კუთხით არ აქვს ინფორმაცია. მერძეული მიმართულების განვითარებისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს უხეში საკვების წარმოებას. ეს ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. იქიდან გამომდინარე, რომ უხეში საკვების დამზადების კუთხით ფერემერბს ბევრი პრობლემა ჰქონდათ, გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ეს ტრენინგი. მოვიწვიეთ კახელი ფერმერები, ავსტრიიდან საკვების სპეციალისტი ჟანეტა ხოდროვკსა და კომპანია „ბიომინის“ სპეციალისტი სერგეი ჰუსაინოვი. მათ დამსწრეებს სილოსის და სენაჟის წარმოების და დამზადების ტექნოლოგია გააცნეს, თუ რა პირობებით და როგორი ტექნოლოგიით უნდა დამზადდეს, რა შედეგს იღებს ფერმერი ამ შემთხვევაში და სხვა’’, – განუცხადა Knews.ge-ს გურამ მელქაძემ.
მოწვეულმა ექსპერტებმა ფერმერებს მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე, სწორად შეჩეული კვების რაციონზე, საკვების შეთვისებაზე, პროდუქტიულობის მომატებასა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ასევე ფერმერებს უხეშ საკვებში ტენიანობის, ცხიმიანობისა და ცხოველისთვის სხვა საჭირო ნივთიერებების კონტროლისთვის ახალი ხელსაწყო წარუდგინეს. 
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მარინა ჩაჩანიძე განმარტავს, რომ ცხოველთა ნედლი პროტეინით გამოკვება საქონლის პროდუქტიულობის გაზრდას უწყობს ხელს. 
,,მეცხოველეობაში ყველაზე მთავარი არის კვების საკითხები. ამ დარგში 80% ეხება კვებით მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლებას, 20 % კი გენეტიკას, მოვლა-შენახვას და სხვა საკითხებს. მინდა აღვნიშნო, რომ ნედლი პროტეინით, სამიმოცულო ენერგიით იზომება ცხოველთა კვების საკითხები, მაგრამ ყველაზე მთავარია, გავიგოთ მიღებული საკვებიდან უჯრედის დონეზე რამდენი შეითვისება ცხოველის ორგანიზმის მიერ და რამდენი გადადის პროდუქციაში. ნორმირებული კვება ცხოველთა ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მის გარეშე პროდუქტიულობა წარმოუდგენელია’’,- ამბობს მარინა ჩაჩანიძე. 
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვების წარმოების დეპარტამენტის უფროსი მიუთითებს, რომ მეწარმეებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარებას მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსუდან ბარკალაიას აზრით, კომპანია ,,ბიომინის” მიერ სემინარზე წარმოდგენილი ახალი ტექნოლოგია, რომელიც უხეშ საკვებში პროტეინის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების დონეს რამდენიმე წუთში ამოწმებს, მისი საქმიანობაში დანერგვა და საკვების წარმოებაში გამოყენება ფერმერებს დროის მოკლე მონაკვეთში მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. 
,,სემინარზე ვისაუბრეთ სილოსის დამზადების, ცხოველთა მოვლის, ჯანმრთელობის და სხვა საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის. ინფორმირებულ ფერმერს ეცოდინება როგორ უნდა დაამზადოს სილოსი, რა ნიშვნელობა აქვს უხეში საკვების წილს რაციონში და სხვა. გარდა ამისა, კომპანია ,,ბიომინმა’’ გაგვაცნო კომპაქტური და საინტერესო ხელსაწყო, რომლითაც შეგვძლია, განვსაზღვროთ რამდენიმე წუთში საკვებში მშრალი ნივთიერება, პროტეინი, ცხიმი, უჯრედანა და სხვა აუცილებელი ნივთიერებები, რომელიც აუცილებელია რაციონის დაბალანსებისას’’, – აცხადებს რუსუდან ბარკალაია. 
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი კობა ნაცვალაძე აცხადებს, რომ მსხვილი რქოსანი პირიტყვის კვებაში საკვებ ტექნოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, რეგიონებში ფერმერებმა აქტიურად დაიწყეს სილოსის წარმოება, რომლის სწორად მოყვანასა და დასაწყობებას სჭირდება შესაბამისი ცოდნა. 
,,გენეტიკას შეუძლია, განაპირობოს პროდუქტიულობის ამაღლება 20%-ით, დანარჩენი 80% დამოკიდებულია კვებაზე და შენახვის სისტემებზე. სილოსი მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს მეხორცული და მეწველი პირუტყვისთვის, იგი არის წვნიანი საკვები და მასში პროტეინის დიდი შემადგებლობაა, რომელიც განაპირობებს პროდუქტიულობის ამაღლებას. მსგავსი ტრენინგების ჩატარება აუცილებელია ჩვენი ფერმერებისთვის, რათა გაეცნონ კვების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბიო დანამატებს საკვების წარმოებაში. ბოლო პერიოდში ფერმერების მიერ აქტიურად დაიწყო სილოსის წარმოება, თანდათან იხვეწება სილოსის ჩადების ტექნოლოგიაც, ბევრი ფერმერი ცხოველისთვის სილოსს უკვე საკვებად იყენებს და ამიტომ არის აუცილებელი მისი სწორად მომზადება ’’,- განუცხადა Knews.ge-ს კობა ნაცვალაძემ.