ახტალა შპს გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ იყიდა
ელექტრონული აუქციონი გუშინ დასრულდა. კურორტის საწყისი ფასი 3 755 000 ლარი იყო. როგორც knews.ge-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა განახორციელოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და მოაწყოს 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კურორტ ახტალის გაყიდვის მიუხედავად რეკრეაციული ზონა შენარჩუნდება. არჩილ ხანდამაშვილი კურორტის გაყიდვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებაც საუბრობს.
“ახტალას გაყიდვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ იყო აჟიოტაჟი. იყიდება მხოლოდ უნიკალური ტალახი და მასთან ახლოს მდებარე კორპუსები. გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან და ადგილობრივი მოსახლეობას ნებისმიერ დროს შეეძლება დაისვენოს“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
მისივე თქმით, კურორტის გაყიდვა გურჯაანში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა სახელმწიფომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე 17 მაისს გამოიტანა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.