სოფელ ერისიმედის საბავშვო ბაღში ეკოპროექტის განხორციელება იგეგმება
როგორც knews.ge-ს ორგანიზაციაში განუცხადეს, პროექტის მიზანია ერისიმედის საბავშვო ბაღში ენერგო მოთხოვნის ოპტიმიზაცია სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებით.
“პროექტის ფარგლებში ერისიმედის საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც შემცირდება ტყეზე ზეწოლა; მინიმუმ 10-15%-ით შემცირდება ენერგიაზე მოთხოვნა და CO2 ემისიები; დაინერგება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენების ინოვაციური გზები”, – განუცხადეს knews.ge-ს ენერგოეფექტურობის ცენტრში.
ორგანიზაცია ეკო-გრანტების პროგრამის პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს CTC საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.