აფეთქების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო
ინფორმაციას სააგენტო “რეგინფო” ავრცელებს. 31 მაისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ. მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება იმიტომ გადაიფიქრა, რომ არ სურდა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულიყვნენ.
„მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ქართველი ერის დიდი სიყვარული გააჩნია. ამას ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი. მე და რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აგვეფეთქებინა, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც knews.ge-ს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისთვის გამოძიების დაყწების შესახებ ჯერ არ უცნობებია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას დაუსაბუთებლად და პრობლემურად მიიჩნევს რამდენიმე გარემოების გამო:
“1. 2018 წლის 31 მაისს გაკეთებული განცხადების შემდგომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა არაერთხელ განმარტა, რომ შვილის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესიდან გამომდინარე სუიციდის ჩანაფიქრი ჰქონდა, რომელის განხორციელებაზეც მალევე უარი თქვა და ტერორისტული აქტის ჩადენის განზრახვა არასდროს ჰქონია;
2. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ზოგადად არ შეიცავდა დანაშაულის, მათ შორის დანაშაულის მომზადების ან მცდელობის ნიშნებს, რამდენადაც დანაშაულად, დანაშაულის მომზადებად ან მცდელობად შეიძლება შეფასდეს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, ხოლო ადამიანის გონებაში ჩამოყალიბებული ხედვა, რომლის რეალიზება რაიმე ფორმით არ მომხდარა, ვერ განიხილება დანაშაულად, მომზადებად ან მცდელობად;
3. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ან მისი ადვოკატებისთვის ამ დრომდე არ გამხდარა ცნობილი. მას არ მიუღია ინფორმაცია რა ტიპის სამართლებრივი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. მეტიც, გამოძიების პროცესის დაფარულად და არაგამჭირვალედ მიმდინარეობა შესაძლოა მიუთითებდეს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არაფორმალური კონტროლის განხორციელების მცდელობაზე, რაც სავარაუდოდ მიმდინარე სოციალურ პროტესტში ოჯახის აქტიურ მონაწილეობას უნდა უკავშირდებოდეს”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EMC მოუწოდებს სუს-ს, არ მოახდინოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური ინსტუმენტალიზება და სწორედ ამ უწყების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის დამატებითი უფლებრივი ზიანის მიყენება.
“იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრთან თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საგანგებო შეხვედრის შემდეგ, მიმდინარე გამოძიების პროცესში არც ერთი პოზიტიური ნაბიჯი პროკურატურის მიერ არ გადადგმულა, სუს-ის მიერ დაზარალებულის ემოციურ განცხადებაზე დაწყებული გამოძიება კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ”, – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.