სუს-მა საგარეჯოს საკრებულოს წევრი და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსი მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
“აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის – 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს”, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.