თხილის ექსპორტიორებს 1 სექტემბრიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ
ცვლილებები „თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა.
შესაბამისად, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. თხილის ექსპორტიორების ნაწილი მოსალოდნელ რეგულაციაზე ინფორმაციას არ ფლობს. ლაგოდეხში მდებარე კოოპერატივ “მარგი L“-ის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე აღნიშნავს, რომ „თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანამდე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ ექსპორტიორებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
„მე თქვენგან გავიგე, რომ თხილის ექსპორტიორებს პირველი სექტემბრიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მეწარმეს არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. არც კი ვიცი რას ნიშნავს HACCP. აუცილებელია, რომ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდეს და გაგვაგებინონ, რა არის HACCP და რა მოგვეთხოვება“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი ენუქიძე.
მეწარმეების ნაწილი მოსალოდნელი რეგულაციის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ამბობენ, რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვას პირველ სექტემბრამდე ვერ მოასწრებს. ისინი დროის ფაქტორის გარდა ექსპორტის მკვეთრ შემცირებაზეც მიუთითებენ.
„ძალიან ბევრი მეწარმე, ვინც თხილის ექსპორტს ახორციელდება, იძულებული გახდება ადგილზე გაყიდოს პროდუქცია. გარკვეული ნაწილი შეეცდება ამ სისტემის დანერგვას, თუმცა, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველა ვერ შეძლებს. ჩვენს შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება, რადგან ახალი საწარმო გვაქვს გასაკეთებელი. HACCP-ის პრინციპები რომ დავნერგოთ, ინფრასტრუქტურის ნაწილში დიდი ხარჯის გაწევა მოგვიწევს და სავარაუდოდ სექტემბრისთვის ამას ვერ მოვასწრებთ“, – აღნიშნავს თხილის მწარმოებელი კომპანია “ქესკიას” დამფუძნებელი მარიამ კოდუა.
სოფლის მეურნეობის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ქართული თხილის მიმართ იმიჯს საექსპორტო ბაზრებზე საგრძნობლად გაზრდის.
,,საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილს ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და კარგი რეპუტაციის შენარჩუნების ხელშეწყობა. თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილია სათათბირო საბჭო, რომლის პირველი შეხვედრაც უკვე გაიმართა. სათათბირო საბჭო სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისთვის წარმოადგენს ფორმალურ პლათფორმას. საქართველოსთვის თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო კულტურა და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, შესაბამისად, ამ კულტურის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.