კომპანია “სერპანტინის” საჩივარი შესყიდვების სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საბჭომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას საკუთარი გადაწყვეტილების გადასინჯვა დაავალა. კომპანია “სერპანტინი” დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
,,საუბარია საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ორ ტენდერზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 1,3 მილიონი ლარია. კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში “ხარჯთაღრიცხვის დასკანერებისას ფურცლის მარჯვენა არეს ჩამოჭრა” გახდა, რის შედეგადაც განფასების ჯამი აღარ იკითხებოდა. მუნიციპალიტეტმა კი ჩათვალა, რომ დოკუმენტის დაზუსტება მის არსებით ცვლილებას გამოიწვევდა, რისი უფლებაც თვითმმართველობის ორგანოს არ ჰქონდა. მიზეზს არ ეთანხმებოდა ,,სერპანტინი’’. ყველა განფასების ერთეულის ფასები გარკვევით ჩანს ხარჯთაღრიცხვაში და შესაბამისი ნამრავლებიც. არ ჩანს მხოლოდ ჯამი და ისიც მხოლოდ გარკვეულ ფურცლებზე. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება არანაირად არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას”, – აცხადებენ კომპანია ,,სერპანტინში”.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით,
დავების საბჭომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას დაავალა დეტალურად იმსჯელოს და ახსნას, რატომ ჩათვალა სატენდერო კომისიამ, რომ დაზუსტებით საბოლოო ხარჯთაღრიცხვა შეიცვლებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, კომპანიის დისკვალიფიკაციის თუ სატენდერო პროცესში დაბრუნების შესახებ.
,,2018 წლის 16 აპრილის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის #10/1 ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც შ.პ.ს. სსს კომპანია „სერპანტინის“ მიმართ გამოიწვია დისკვალიფიკაცია, მიგვაჩნია უსაფუძვლოდ და ვფიქრობთ, რომ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას. გთხოვთ, განიხილოთ, თუ რამდენად სამართლიანად და კანონის შესაბამისად განხორციელდა შ.პ.ს. სსს კომპანია „სერპანტინი“-ს დისკვალიფიკაცია”,- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “სერპანტინის“ 51%-ის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა და გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის ნათესავია.