ყვარლის ტბაზე ახალი სასტუმრო 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება
პროექტის ღირებულება 6 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს.
სასტუმრო კომპლექსი 4 830 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. კომპანია M Group-ის ინფორმაციით, პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი სტანდარტული ნომრისა და ეტლით ასასვლელი პანდუსის მოწყობა.
სასტუმროში დაგეგმილია 108 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზის დამატება. პროექტით განსაზღვრულია სინქრონული თარგმნის ორი ოთახის, საკონფერენციო ტერასისა და მოსასვენებელი ლაუნჯის მოწყობაც. ახალ სასტუმროში იგეგმება ქართულ-ევროპული რესტორნისა და საბავშვო გასართობი მოედნის მშენებლობაც. სასტუმრო შენდება პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში და უკვე არსებული ყვარლის ტბის კომპლექსის “Kvareli Lake Resort&Spa” -ს, შემადგენელი ნაწილია.
როგორც knews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, 152 000 ლარად, ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ 29 962 კვ.მ უძრავი ქონება გაყიდა.
“პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს”, – განუცხადეს knews.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში.
სასტუმრო ყვარლის ტბა, რომელიც ამჟამად 20 ნომერს მოიცავს, 2010 წელს აშენდა.