კახეთში საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობა იგეგმება
როგორც knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, პროექტი კახეთში რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ინტეგრირებულ მართვას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ამ პროექტისთვის უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.
“გეგმის თანახმად, მოეწყობა ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი, აშენდება გადამტვირთი სადგურები და კომპოსტირების პილოტური ქარხანა. პროექტი ასევე ითვალისწინებს დასუფთავების მანქანების შეძენასა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვას. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ნაგავსაყრელების მოწყობა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის სანიტარული პირობების, ისე ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, – განუცხადეს knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც იგეგმება. პროექტის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 30 მილიონ ევროს გამოყოფს.