თელავში ნატო-ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს
ირკალი სესიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს, ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვის უნარიანობის გაზრდის შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, პარლამენტის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ევროატლანტიკური მიმართულებით საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს და ამ მიმართულებით ბევრი პროექტი ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას. სესიაშვილმა ხელისუფლების მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან ხელისუფლების კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ თემებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონებში, ჰქონდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხშირი კონტაქტი. დემოკრატია ზემოდან ქვემოთ არ იქმნება, არამედ პირიქით და ამიტომ რა ინფორმაციასაც ფლობს გარკეულ საკითხებზე სახელმწიფო და რა საჭიროებებსაც ხედავს მოსახლეობა, უნდა მოხდეს ამის შერწყმა და შემდეგ გადაწყვეტილეის მიღება. ნატოსა და ევროკავშირთან ყველაზე მეტად ახლა გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა, აღიარებულები ვართ, როგორც ერთ-ერთი წარმატებული და პროგრესული ქვეყანა, განსაკუთრებით ნატოსთან ურთიერთობაში. უახლოეს პერიოდში გაიმართება სამიტი ბრიუსელში, შესაბამისად გვაქვს მოლოდინები, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად დაფასდება. იმედი გვაქვს, მივიღებთ ძალიან მკაფიო სიგნალს და გაგრძელდება მხარდაჭერა თავდაცვის და შეიარაღების სფეროში. ეს კი საერთო ჯამში ამზადებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ მალე გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაც ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს’’,- განუცხადა knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდნატორი ნიკოლოზ შარვაშიძე აცხადებს, რომ მოსახლეობასა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის.
შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით გაიმართა, ნარკოპოლიტიკის საკითხზეც იმსჯელეს.