სტატიები

სეტყვისგან განადგურებული ვენახები – ყვარელში ზარალს ითვლიან

წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ 700 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ გავაზში, მთისძირსა და ახალსოფელში. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რადარები მაშინ ამოქმედდა, როდესაც სეტყვა უკვე შეწყვეტილი იყო. 
„მოულოდნელად საშინელი სეტყვა წამოვიდა. გაანადგურა ბაღები, ვენახები, ნესვები. ძალიან დიდი ზარალი მოიტანა. ტყუილად დაამონტაჟეს სეტყვის საწინააღმდეგო რადარები. გვიან ამოქმედდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა“, – ამბობს სოფელ გავაზის მაცხოვრებელი, იმედა გზირიშვილი. 
სოფელ გავაზის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ვენახები დაზღვეული აქვთ, თუმცა ზარალის ანაზღაურების იმედი არ აქვთ. მათი მტკიცებით, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ ზარალს ვერ აუნაზღაურებენ, რადგან ამ ეტაპზე ზიანის ზუსტი ოდენობის დათვლა შეუძლებელია. დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
„ასე გვითხრეს, რომ ზარალს ვერ აგინაზღაურებთო, რადგან ვაზი ყვავილობის პროცესშიაო. ზარალს ვერ დავითვლითო. ჩვენ რა ვქნათ? ბანკიდან გამოვიტანეთ თანხა და როგორ უნდა დავფაროთ. იქნებ ხელისუფლება დაგვეხმაროს და ბანკთან გვიშუამდგომლოს, რომ სესხები გადაგვივადონ“, – აღნიშნავენ knews.ge-სთან საუბრისას სოფელ გავაზის მაცხოვრებლები.
ყვარლის მერიაში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში 700 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიგა წიწრიაშვილი აღნიშნავს, რომ ზარალის ოდენობა 20-დან 70%-მდე მერყეობს. 
„სოფელ გავაზში დაისეტყვა დაახლოებით 600 ჰექტარი ვენახი, მთისძირში დაახლოებით 45 ჰექტარი, ხოლო ახალსოფელში – 13 ჰექტარი, აქედან 10 ჰექტარი ვენახია, 2 ჰექტარი საზამთროს ბაღი და 1 ჰექტარი ნესვი. ზარალის ოდენობა სოფლებში სხვადსხვაა, გავაზში 20-დან 50%-მდეა. ახალშოფელში ზოგიერთი ვენახი 70%-ითაც არის დაზიანებული. მთისძირში ზარალის ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, სადაზღვევო კომპანიებისა და მევენახეების ურთიერთობა გაფორმებული ხელშეკრულებით რეგულირდება“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიგა წიწრიაშვილი. 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მევენახეებს სტიქიისგან მიყენებული ზარალს იმ შემთხვევაში აუნაზღაურებენ, თუ გამოტანილია მტევანი და მისი ვიზუალურად გარჩევა შესაძლებელია. 
„ფერმერებმა, რომლებსაც აქვთ დაზღვეული თავიანთი ნაკვეთები, 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინონ სადაზღვევო კომპანიას. ხელშეკრულებით კომპანია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიდის და ითვლის ზარალის ოდენობას. ზარალი რომ ანაზღაურდეს, საჭიროა იყოს ნიშანი, რათა შესაძლებელი იყოს ზარალის დათვლა. ვაზის შემთხვევაში საჭიროა გამოტანილი იყოს მტევანი“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ავალიანი. 
სტიქიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა“. ორგანიზაციის ცნობით, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ყვარლის რაიონებშისეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენების შედეგად 825 კმ2-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც მოსალოდნელი სტიქია მნიშვნელოვნად შესუსტდა. 
„წვრილი სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა ყვარლის რაიონში მჭიდროდ დასახლებული პუნქტების თავზე, სადაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება შეზღუდულია“, – ნათქვამია „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.