ახალი ამბები

გიორგი ბოტკოველი – ხელისუფლებამ 20 მილიონი ლარი წყალში გადაყარა

დღეს გიორგი ბოტკოველი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება დაზარალებულებს სათანადოდ არ ეხმარება. 
„ხელისუფლებას ვეკითხები, სად არიან დღეს ისინი ? სიტუაცია არის ასეთი, დაზიანებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში დაახლოებით 800 ჰექტარი ვენახი და დაზიანება არის 70-80 პროცენტი. მოსახლეობას აქვს მთავარი კითხვა, სად წავიდა 20 მილიონი ლარი, ხალხის ფული, რაც დაიხარჯა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დამონტაჟებაში? რატომ გაისროლეს რადარები მხოლოდ იმის შემდეგ, რაც 15-20 წუთის განმავლობაში ისეტყვებოდა ვენახები“, – აღნიშნა ბოტკოველმა. 
შეგახსენებთ, რომ სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ 700 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ გავაზში, მთისძირსა და ახალსოფელში. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რადარები მაშინ ამოქმედდა, როდესაც სეტყვა უკვე შეწყვეტილი იყო.