სოფელ მელაანში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად ამოღებული არტეფაქტები დამუშავდება და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნება.
„სამოციან წლებში ვიღაცამ ვაზი ჩაყარა, რომლის დროსაც ბრინჯაოს ნივთები და სხვადასხვა ექსპონატები აღმოაჩინა. ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. გაითხარა წარმართული ხანის სამლოცველო, რომელსაც პირობითად „მელიღელე“ პირველი დაარქვეს. იპოვეს რამდენიმე ასეული ბრინჯაოს ნივთი, მათ შორის იყო: მახვილები, სატევრები, თიხის ჭურჭელი და სხვა. იმდენად ბევრი საჭურველი ამოვიდა, რომ, მეცნიერების ვარაუდით, ყველაფერი ომის ღმერთის სახელზე იყო შეწირული. ახლა სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ერთი თვე გაგრძელდება. ამჟამად ექსპედიციას, რომელშიც მონაწილეობენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორი კოტე ფიცხელაური ხელმძღვანელობს. მეორე სამლოცველო დაახლოებით 50 მეტრის მანძილზეა განთავსებული. სამლოცველოების გარშემო არის წრიული ფორმის რიყის ქვით ნაშენები კედლები. რამდენიმე გალავანია, რომლის შიგნითაც ამაღლებული ბორცვია. აქ, სავარაუდოდ, შეწირულ ნივთებს ალაგებდნენ. მეცნიერების აზრით, პირველი სამლოცველო ომის ღმერთის სახელზე, ხოლო მეორე ნაყოფიერების ღვთაების სახელზე უნდა იყოს აშენებული.“ – აღნიშნა მარკოზაშვილმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ipress.ge-ს მარკოზაშვილმა განუცხადა, ტერიტორია, სადაც არქეოლოგიური გათხრები ტარდება, სოფელ მელაანიდან დაახლოებით 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.