სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშეწყობის პროექტი იწყება
პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების განსაკუთრებული უნარების განვითარებას. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას.
“პროექტის ფარგლებში საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი, ფინანსური მხარდაჭერის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ. პროექტის ფარგლებში შეფასდება ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზარი და, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდება შესაბამისი სატრენინგო მოდულები და ონლაინ პლატფორმები. დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, საჭირო უნარების განვითარების მიზნით, გადამზადდებიან, მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები. სწორედ ეს სჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ განავითარონ უნარები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, მათ შორის, ის სპეციალური უნარები, რომლებიც დასაქმებას უკავშირდება. ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს’’,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის “Save the Children Nederland“ მხარდაჭერით.