ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა

მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც Knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ერთ დაშავებულს თავის ტვინის არეში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
„ერთ დაშავებულს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია. ის საავადმყოფოში თხემის ძვლის მოტეხილობით შემოიყვანეს. მას ჰქონდა სისხლჩაქცევებიც. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ჰქონდა ტვინის მსუბუქი შერყევა, ჩაუტარდა გამოკვლევები. ამჟამად მას ინტენსიურად მკურნალობენ“, – განუცხადა Knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.