ოკუპირებული ტერიტორიები: რუსეთის მემკვიდრეობა
როგორ შეიცვალა ეს ტერიტორიები ოკუპაციის მომენტიდან და როგორ შეცვალეს შეიარაღებულმა კონფლიკტებმა რიგითი მოსახლეობის ცხოვრება? როგორ შეიძლებოდა მათი თავიდან აცილება, რისი გაკეთება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის დაბრუნებისათვის და რას აკეთებენ ისინი დღეს?
ეს, ჩემი მონათხრობია სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთის, „დსრ“-ის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) და „ლსრ“-ის (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) შესახებ. ესაა რესპუბლიკები, რომლებზეც ხშირად ამბობენ „ფსევდო“ ან „ფიქტიური“ და მათი სახელმწიფოებრივი სტატუსი ძირითადად მხოლოდ მათ მიერვეა აღიარებული. დიპლომატიურ ენაზე მათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებენ. ჩემი, როგორც უკრაინელი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი თითოეულ ამ რესპუბლიკაში,ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკითხვის ან ადგილობრივ საპყრობილეში ჩასმის მუქარის თანხლებით მიმდინარეობდა.
გეოგრაფიულად, ეს ტერიტორიები ძირითადად იმ ქვეყნების მიმდებარედ არიან განლაგებული რომლებსაც უკვე გამოეყვნენ ან ცალკე ყოფნა სურთ (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) და მათ რუკაზე საკმაოდ პატარა ადგილი უკავიათ. დნესტრისპირეთის გარდა, ყველას რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს.
ყოვლისმხედველი თვალის – გუგლის სისტემაში – ეს ტერიტორიები ცალკეულ ქვეყნებად მოხსენიებული არ არის; ამ ფონზე, ვერაფერს ვიტყვით მსოფლიოს რიგით მოქალაქეზე, რომელმაც ალბათ გაცილებით მეტი იცის „ნარნიას“ შესახებ, ვიდრე რომელიმე ამ ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი პოსტ-საბჭოთა პერიოდის თაობაა, რომლის მენტალიტეტი უფრო ახლოსაა ამ ტერიტორიებთან, თუმცა მათაც ომის შესახებ სმენიათ, მაგრამ ძნელად თუ დაასახელებენ ერთ ქალაქსაც კი რომელიც ამ იდუმალებით მოცულ ტერიტორიებზე მდებარეობს. აქაურების ყოფითი ავანსცენა მუქი, სქელი ფარდებითაა დაფარული და ამ ეგრეთ წოდებული რესპულიკების მცხოვრებლები ფარდის გახსნას არ ჩქარობენ. მე, შევეცადე ამ პოსტ-საბჭოთა დრამის კულისებში შემეხედა.