ახალი ამბები

თელავში ევროატლანტიკური კლუბის დაფუძნების ცერემონია დღეს გაიმართება

როგორც knews.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კახეთის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის მერი და მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ხელს მოაწერენ ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულებას, რომელიც კახეთის რეგიონის მასშტაბით განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს. 
„წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ნატოს დღეები“ მეთერთმეტედ აღინიშნება და 1-ელ მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.