შოთა ნარეკლიშვილი – რუისპირში საძოვარი კანონის დაცვით გასხვისდა
,,ამ ტერიტორიაზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება იგეგმება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივები დავობენ, კანონის სრული დაცვით გაიყიდა და ამჟამინდელი მეპატრონე მიწის ხელახლა გაყიდვას არ აპირებს”, – აღნიშნავს შოთა ნარეკლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების პროტესტის მიზეზი გასხვისებულ საძოვრებში ინვესტორის მიერ დაწყებული სამუშაოებია.
როგორც Knews.ge-ს სოფელ რუისპირის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.
,,მიწას საძოვრებად ვიყენებდით და ზაფხულში იქ დასასვენებლადაც ავდიოდით. მიწა კერძო მესაკუთრემ იყიდა და სასტუმრო უნდა ააშენოს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და იქ შესვლის უფლება არ გვაქვს. სოფლის საძოვრების გაყიდვას არ დავთმობთ’’,- განუცხადეს knews.ge-ს სოფელ რუისპირის მაცხოვრებლებმა.
მოსახლეობა ინვესტორს დაუპირისპირდა, რომელმაც სადავო მიწები ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა. რუისპირელების თქმით, მიწების სოფლისთვის საძოვრებად გადაცემის შესახებ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.