კორპორაცია “ქინძმარაული“ ღვინის ნაყინის და ჩურჩხლის წარმოებას გეგმავს
კომპანიის გენერალური დირექტორი, ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს რამდენიმე ქართულ და უცხოურ ნაყინის მწარმოებელ კომპანიასთან აწარმოებს. მისი თქმით, სანაყინე ზაფხულში, ღვინის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, განთავსდება.
მისი თქმით, საწარმოში, რომელიც ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი, ღვინიანი ნაყინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.
“რამდენიმე ნაყინის მწარმოებელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ გავაკეთებთ სანაყინეს და მომსახურების სერვისს, სამწუხაროდ ყვარელში არ არის ღია სანაყინე, რომელიც მომხმარებელს ნაყინს და ტკბილეულს შესთავაზებს. ამ ობიექტს დაერქმევა “ღვინო და ნაყინი”, სადაც ჩვენი შეკვეთით დაამზადებენ ღვინიან ნაყინს. ჩვენ გვაქვს ღვინოები, რომელიც ნაყინს ესხმევა, მაგალითად “16-16″, ლიქიორული ღვინოა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი, რომ ნაყინთან ერთად მიირთვა. გვაქვს წითელი და თეთრი ფერის, ეხლა მზადდება ქისი, რომელიც დამჭკნარი ყურძნისგან მიიღება, ეს არ იქნება დიდი, მაგრამ ტურისტულ მიმართულებას მოემსახურება, იმედია, რომ მაისისთვის მოვასწრებთ მის გახსნას. გარდა ამისა, როდესაც გამოვავლენთ პარტნიორი ნაყინის მწარმოებელ კომპანიას, მას უშუალოდ ქარხნული ღვინის ნაყინის წარმოებასაც დავუკვეთავთ”, – განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.
ტურისტებისათვის კორპორაცია “ქინძმარაული” ჩურჩხელების საწარმოს გახსნასაც გეგმავს. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, საწარმო ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რომელიც, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება.
“საწარმოში ძირითადად ჩუჩხელა და ფელამუში დამზადდება. ეს იქნება ძირითადად ტურისტებზე გათვლილი. ტრადიციული დიდი ქვაბებით მოიხარშება, რაც ტურისტებისთვის სანახაობრივიც იქნება, და ჰიგიენური და ტექნოლოგიური ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული. ის იქვე, სპეციალურად აშენებულ სათავსოში, დავარგდება, შემდეგ კი შეფუთვა და რეალიზაცია. შეიფუთება როგორც ცალობით, ასევე რამოდენიმე ერთად, ბომბონერის ტიპის შეფუთვით“ – განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.
საწარმოში 15-დან 20 ათას დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.