შაშიანში მდებარე “თამარის მარანმა” ტურისტების მიღება დაიწყო
მეღვინის ინფორმაციით, ტურისტებს მამისეულ მარანში გასულ წლებშიც იღებდა, თუმცა ორგანიზებული სახე ამას ბოლო ერთი თვეა მისცა.
“თამარის მარანი” გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარეობს.
“ადრე ტურისტები თავისით მოდიოდნენ, მინიშნებებს გამოჰყვებოდნენ ხოლმე, რომელიც გზად ხვდებოდათ. დავინახე, რომ ინტერესი დიდი იყო და გადავწყვიტე ამ საქმისთვის ორგანიზებული სახე მიმეცა. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მივმართე, ჩემი მარანი ტურისტულ მარშუტში “ღვინის გზაში” ჩასვეს და 600-მდე ტურისტულ კომპანიას დაუგზავნეს მისი კოორდინატები. ტურისტებს ჩემ მიერ დამზადებულ ღვინოსთან ერთად ვთავაზობ კახურ ტრადიციულ კერძებს: მწვადს, შოთს, კახურ ყველს, ჩურჩხელას, მათ თავადაც შეუძლიათ, მიიღონ საკვების დამზადების პროცესში მონაწილეობა. ინტერესი დიდია, მოდიან ყველა ქვეყნიდან, არამხოლოდ რუსეთიდან და უკრაინიდან”, – განაცხადა თამარ დიღმელიშვილმა.
თამარმა მარანი რამდენიმე წლის წინ მოაწყო, რომელშიც 70 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
“ვაზის ნერგები შევიძინე ჯიღაურას სანერგეში. რქაწითელს, მწვანეს, ქისს, ხიხვს, საფერავს, ასევე ფრანგული ჯიშს შარდონეს, ამ ვენახში მოწეული ყურძნიდან ქვევრებში ღვინოს ვაყენებ, მარანში 20 ტონა ტევადობის ქვევრები მაქვს. თვითნასწავლი მეღვინე ვარ, რამდენიმე ღვინის სკოლა მაქვს გავლილი, ექვსივე დასახელების ღვინო, რასაც ვაწარმოებ, ნატურალურია, მათ შორის საფერავი ბიოპროდუქტია. გასულ რთველზე 10-15%-ით მეტი ღვინო დავამზადე, ვიდრე წინა წელს და შევცდი, რადგან მოთხოვნას ვერ ავუდივარ. წლიურად საშუალოდ 5 ათას ბოთლს ვამზადებ, თუმცა მარნის წარმადობა 16 000 ბოთლია, რადგან 20 ტონა ყურძენი მომყავს, საიდანაც 12 ტონა ღვინო დგება. წარმოებულ ღვინოს ძირითადად მარანში ვყიდი, თუმცა საფერავის მცირე პარტია ბერლინშიც გაიგზავნა “ – აღნიშნა დიღმელიშვილმა.