პრემიერი – ვიზალიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება
8-9 მარტს ბრიუსელში იუსტიციისა და შს მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომა იმართება. დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრაციის პრობლემებს განიხილავენ. შეხვედრაზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს. ტომას დე მაიზერის განცხადებით, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას.
„საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს. „ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ, მაგრამ რიცხვის ზრდა არის შეშფოთების საგანი. ასევე გვაშფოთებს კრიმინალის ზრდა, საქართველოს შემთხვევაში, ეს რიცხვი იმაზე მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, ასე რომ საქართველოს დიდი სამუშაო აქვს, ჩვენ ერთად დიდი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა ტომას დე მაიზერმა.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე ძირითადი კომპონენტის საფუძველზე. კახა გოგოლაშვილი მიუთითებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ერთ–ერთი საფუძველია უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრად გაზრდა.
,,შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან და, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ. შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას. ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს“, – განუცხადა knews.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.
საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გასული წლის 8 მარტს გამოქვეყნდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლას 180 დღის ვადაში 3 თვის განმავლობაში შეძლებენ.