საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახალი შანსი – მითი თუ რეალობა?
კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა “Heritage Foundation” გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება. დოკუმენტში ნათქვამია,რომპირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმა არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე.
ეს ნიშნავს, რომ ამ ორი რეგიონის გამო საქართველოს აღარ მოუწევს ჩაბმა ნატოს შეიარაღებულ კონფლიქტში. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ცნობილია როგორც ”ერთი ყელასათვის და ყველა ერთისათვის” და ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. შესაბამისად მეხუთე მუხლის მოქმედება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე იმ დროს გავრცელდება, როცა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება და ამ ორ რეგიონზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია აღდგება.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიუთითებს, რომ თუ საქართველო ამ წინადადებით გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ქვეყანას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების დიდი შანსი ექნება. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ამ პირობით ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას.
„ეს საინტერეს წინადადებაა. ეს მინიმუმ განხილვის საგანი უნდა იყოს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თითქოს და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობად. ეს არის შანსი საბოლოო ჯამში ზემოქმედება მოხდეს კონფლიქტების მოგვარებაზე. ჩვენთვის მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება უფრო სანდო სახელმწიფო ყველა მეზობლისთვის, მათ შორის, რუსეთისთვისაც კი. ნეტავი ნატომ შემოგვთავაზოს ამ ტიპის წინადადება. ეს ნიშნავს, რომ ნატოს უნდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და ამით მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება, რათა არ შეიქმნას პრობლემები რუსეთთან. თუ აფხაზებს და ოსებს ეცოდინებათ, რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფოა, უფრო მშვიდობიანი, გაწონასწორებული და ნაკლებად საფრთხის მომცველი, უფრო მეტად მიმზიდველები ვიქნებით აფხაზებისთვის“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორიც პრობლემას ვერ ხედავს, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდება. გიორგი კანაშვილი საუბრობს იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველო მიიღებს ამ წინადადებით ნატოში გაწევრიანებით.
„მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ნატოს მე-5 მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ ეტაპზე ზოგადად გვაქვს უსაფრთხოების პრობლემები არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, არამედ დანარჩენი საქართველოს დაცვის კონტექსტში. შესაბამისად თუ ნატო თანახმა იქნება საქართველომ განავრცოს ეს მე-5 მუხლი დანარჩენ საქართველოზე და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისასალმებელი და ოპტიმალური ვარიანტი შეიძლება იყოს საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით სავარაუდოდ უნდა მუშაობდეს კიდეც. ოფიციალურად ამგვარი შეთავაზება არ ყოფილა. ამ მიმართულებით პრობლემა არა საქართველოს ხელისუფლების მზაობაშია, არამედ ნატოს მზაობაში საქართველოსთან მიმართებაში, სამწუხაროდ ნატოს შიშებში, რომ ამან არ გამოიწვიოს მისი დაპირისპირება რუსეთთან“, -განუცხადა knews.ge-ს გიორგი კანაშვილმა.
ექსპერტები ნატოში გერმანიის გაწევრიანების მსგავს ანალოგზე საუბრობენ, როდესაც ქვეყენა 1955 წელს ალიანსის წევრი გახდა. მაშინ გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად – პროდასავლურ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად და პროსაბჭოურ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად. ჯერ გერმანიის დასავლური ნაწილი გახდა ნატოს წევრი, ხოლო დანარჩენი ნაწილი 1990 წელს, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ შეუერთდა ალიანსს.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ არარეალისტურია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მსჯელობა იმ პირობით, რომ მეხუთე მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის სასარგებლო და რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობით გაწევრიანებაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება შეიცავს და დაკავშირებულია სირთულეებთან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის რეალისტური, ხალხმა ამ თემაზე იფიქროს და იმსჯელოს. ალიანსის წევრი ქვეყნების ყურადღება კონცენტრირებულია ქართული რეფორმების მხარდაჭერაზე. ეს არის საკითხი, რაზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს კონსენსუსი მიღწეული აქვთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ “პირველი არხისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
აპატურაი აღნიშნავს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს ლუკ კოფის მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელიათ. მისივე განცხადებით, ამ სცენარის შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნება პროვოკაციების და კონფლიქტის გაღვივების შესაძლებლობა.
“ექსპერტები ისტორიულ მაგალითებზეც საუბრობენ. ერთადერთ მაგალითად შეიძლება ცივი ომის დროინდელი გერმანია მოვიყვანოთ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს სრულიად განსხვავებული შემთხვევა და სცენარი იყო. ალიანსმა მაშინ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად იყო გერმანიის იმ ნაწილის დასაცავად, რომელიც ნატოში იყო გაწევრიანებული, საომარ მოქმედებებში ჩართულიყო. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ სცენარსა და ცივი ომის დროინდელ გერმანიას შორის პარალელს ვერ გავავლებთ. ეს განსხვავებული სცენარია“, – ამბობს ჯეიმს აპატურაი.