ჩემი სოფელი
ანა მარგველაშვილის ბლოგი
გაზაფხული მოდის და თვალს რომ ვხუჭავ აყვავებულ ხეებს, ახლადამოსულ მწვანე ბალახს და მიწის სუნს ვგრძნობ. არაფერი ისე არ მიყვარს, როგორც აყვავებული ხის ქვეშ ჩამოჯდომა, წამობერილ ნიავზე თოვლის ფიფქებივით ჩამოცვენილი ყვავილის ფოთლების და იქვე ახლადდამუშავებული მიწის, ხნულების და მოფუსფუსე ადამიანების ყურება.
ამ დროს სოფლად ყოფნას არაფერი ჯობს. საქართველოს თავისი ავით და კარგით, ყველაზე კარგად, სწორედ სოფლებში ვგრძნობ, ამიტომ ნებისმიერი საქმე, რომელიც ჩვენს პატარა ქალაქებში და, განსაკუთრებთ, სოფლებში სიარულს და მათ გაცნობას გულისხმობს, მიხარია.
მიყვარს ძველი ამბების მოსმენა და ისიც, თუ ახლა რა აწუხებთ და ახარებთ სოფლის მაცხოვრებლებს. მიყვარს უბრალოდ ჩამოჯდომა, დაკვირვება, სახლების, ორღობეების თვალიერება.
სოფლის მეხსიერების კვლევა საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმე მგონია, თუმცა არა მარტო მეხსიერების, ზოგადად სოფლის კვლევა: ძველი ამბებისაც და ახლისაც.
ამჯერად ნაფარეულზე და იქ არსებულ სახელოსნოებზე დაწერას ვაპირებდი, მაგრამ უცებ მივხვდი, როგორ გამიჭირდა ერთი სოფლით შემოფარგვლა; ისიც გამახსენდა, როგორ მინდა ხოლმე დღიურში აღვწერო ყველა ახლად-განცდილი სოფელი, რასაც იშვიათად ვახერხებ და ბევრი რამის ერთად მოყოლა მომინდა:
ველისციხის ქალაქური სტილის განაშენიანებაზე და ჭერემის სრულიად გასაოცარ, რაღაცნაირად პირველყოფილი სილამაზის ხეობაზე; ახალქალაქის (კასპი) დარბაზოვანი ციხე-სიმაგრის ნარჩენებსა და გარშემო ვიწრო ქუჩების ქსოვილზე, სადაც ძველი, ლამაზი სახლებია შემორჩენილი; ახალსოფელის სრულიად მისტიურ და ასევე სოფელ კალინინოსთან მიტოვებულ ძველ გერმანულ სასაფლაოებზეც; მერეთისა და ტყვიავის ხეხილის ბაღებზე და საოკუპაციო ზონის სოფლების სევდაზეც.სიხარულზეც, სოფლის განაპირას მდინარეში ბანაობას რომ სდევს თან.
ლაფანყურის ხეობაზეც, მდინარე ლოპოტას რომ მიუყვება და ბუმბერაზი, ბებერი ლაფანის ხეების ტყეზეც;ზედა კრიხის შესასვლელთან მდგარ უთხოვარზე; ქალებისგან დაცლილ სოფლებზეც, შორიდან რომ ცდილობენ ოჯახების შენახვას…. ამ სოფლებში და ადგილებში განცდილ, კადრებად დარჩენილ მომენტებზე, მაგრამ ამის მოყოლას და გადმოცემას სხვა უნარები ჭირდება და ამიტომ არც შევეჭიდები.
ერთი კია, თითო სოფელი თუ ქალაქი თითქოს ცალკე წიგნია, ცალკე მოსაყოლი დიდი ამბავი და ამ ჩვენ სოფლებს დღეს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, რომლებსაც ძალიან ფრთხილი და გონიერი მოგვარება და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება; გულშემატკივარი და მოყვარული ადამიანების ძალისხმევა, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს სოფლების პრობლემების მოწესრიგება და თან ერთის გაკეთებით არ გაფუჭდეს და დაიკარგოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ხანდახან გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული მოსაგვარებელი პრობლემაა.
სოფლებში მუშაობის ჩემმა რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ კი დამანახა, რომ, სამწუხაროდ, ასეთი გულშემატკივარი და მოყვარული ადამიანები უმცირესობაში არიან. ხშირად მარტო იბრძვიან და უამრავი ენერგია ეკარგებათ სრულიად უაზრო დაბრკოლებებთან გამკლავებაში, ენერგია, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარდებოდა, კარგად მოქმედი, პროფესიონალი და ინიციატივიანი კადრებით დაკომპლექტებული თვითმმართველობისა და ძლიერი, სოლიდარული თემის პირობებში.
თვითმმართელობისა, რომელსაც ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს ადგილობრივი პრობლემები, მუდამ იკვლევდეს და სწავლობდეს მათ, ჰქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან. თვითმმართველობა, რომელიც იქნებოდა მუნიციპალიტეტის ინტერესებისთვის მებძოლი, ამ ინტერესების გამტარებელი და დამცველი, მათ შორის, ცენტრალური ხელისულფების წინაშეც და არა პირიქით.