სოფელ ახაშენში მე-11 საუკუნის ეკლესია ინგრევა
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა განუცხადა, ტაძრის კედლები გაბზარულია და საჭიროა ეკლესიის დროული რეაბილიტაცია. თამაზ მარკოზაშვილი ტაძრისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს.
“ხარის თავის ეკლესია დაზიანებულია. საბედნიეროდ გადახურვა არ არის ჩაქცეული, მაგრამ ეკლესიის კედლები გაბზარულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. აუცილებელია, რომ აღნიშნულ ობიქეტს მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რათა განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია. საჭიროა შემუშავდეს ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც უნდა შეთანხმდეს კლუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ტაძარი ერთნავიანი დარბაზული ტიპისაა.
„ხარისთავის ტაძარი ისტორიულ წყაროებში და გადმოცემით, სოფელი ხარისთავი იყო ჭერმის ნაქალაქარის ერთ-ერთი შემადგენელი უბანი, სადაც ძველი დროიდან ცხოვრობდა ქართველი ხალხი. ხარის თავის ეკლესია ძნელად მისდაგომელ ადგილზე მდებარეობს. ტაძრამდე მანქანა არ მიდის და მხოლოდ საფეხმავლო გზაა, სოფელ ახაშნის ტყიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრია სავალი. ტაძარი მოხსენიებული საქართველოს კულტურული ძეგლების აღწერილობაში. ეკლესია აშენებულია რიყის ქვითა და ქართული აგურით. მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნასოფლარის კვალი“, – აღნიშნა მარკოზაშვილმა.
ადგილობრივების გადმოცემით, ხარის თავის ტაძარს მრავალი სასწაული უკავშირდება.