სტატიები

ექსპერტები – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგია უნდა შემუშავდეს

,,თუ არ იქნება ერთიანი ხედვა და არ მოხდება ერთიანი პრევენცია, ძალიან გართულდება. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ყველა ჩართული ორგანიზაცია ერთნაირად დაიწყებენ ფაროსანასთან ბრძოლას, რაც თავის მხრივ იმას გულისხობს, რომ ინფორმაცია სწორად იყოს მიწოდებული ფერმერამდე, რათა ყველამ ერთად მოახდინოს პრევენცია. ძალიან რთულია წინასწარ განჭვრიტო მასშტაბური იქნება თუ არა. შარშან ვნახეთ, რომ ძალიან სერიოზული ზარალი მიაყენა, არაა გამორიცხული, რომ წელსაც მიაყენოს ზარალი”, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე გაზაფხულზე კახეთსაც ემუქრება. ფერმერებმა ფაროსანა წელს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შენიშნეს. მოსახლეობის აზრით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც, მწერის გავრცელების შემთხვევაში, მისი განადგურებისთვის აქტიურად იმუშავებენ.
,,თუ არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები, კახეთში მეტია ხილი და მთლიანად განადგურდება. ზარალი იქნება დიდი’’,– განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მკვიდრმა, ნაზიბროლა ხაჭაპურიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შემუშავებულია და დამტკიცებულია „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
,,მოსახლეობამ წელს მეტი იცის. მოქალაქეები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე შარშან; ერთობლივი ძალებით ვიქნებით უფრო ეფექტიანი. მთავარია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ სწორად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ მივიღებთ შედეგს”, – აცხადებს დავითაშვილი.
ექსპერტები გაზაფხულიდან კახეთში ფაროსანას გავრცელებას არ გამორიცხავენ. ისინი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ და მოსახლეობის დროული ინფორმირებიკენ. 
8-9 მარტს, საქართველოში გაიმართება საეთაშორისო კონფერენცია, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნის ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლები და წამყვანი სპეციალისტები აშშ-დან.