ლაგოდეხის კულტურის განვითარების ცენტრმა 80 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს ცენტრის დირექტორმა, ლევან ქაჯაიამ განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის მსურველს მინიმუმ უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება. მისივე ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას გულისხმობს.
„განცხადებები მიიღება წერილობითი ფორმით, ქ. ლაგოდეხში, კოსტავას ქ.N1 -ში მდებარე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“ ოფისში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, CV, განათლების დამადასტურებელი (საშუალო, ტექნიკური, უმაღლესი) დოკუმენტი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში), კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) არსებობის შემთხვევაში. კონკურსანტები შეფასდებიან ქულათა სისტემით, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით. შეფასების კრიტერიუმებია კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, სამუშაო მოტივაცია (შრომითი ღირებულება), კანდიდატის თვითშეფასება, კანდიდატის მზაობა თანამდებობის დასაკავებლად. გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მაღალი ქულის მქონე კანდიდატს“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან ქაჯაიამ. მისივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება 2 მარტამდე გაგრძელდება.