კახეთში მსოფლიო რბენა 6 მაისს გაიმართება
როგორც knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება სათავეს აიღებს თელავი – ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტას ტბის გადასახვევ ნიშნულთან. საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია.
“მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, წელს საქართველოში 7000 მონაწილე დარეგისტრირდება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დარეგისტრირდნენ. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარული და ეტლით მოსარგებლე ადამიანები. ღონისძიებაში მონაწილეობა 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ პირს შეუძლია“, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება.
„ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2019 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო“, – განაცხადეს სამინისტროში.